„სივრცე“ - ვადსის გამოფენა
06 მაისი, 2016
„სივრცე“ - ვადსის გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის, ვადსის, სემესტრის შუალედური გამოფენა გაიმართა.

პირველ- და მეორეკურსელმა სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს. სტუდენტებს უნდა შეექმნათ ნამუშევრები, რომელთა პრეზენტაციისათვისაც არ იქნებოდა საჭირო კედელი, შესაბამისად, ნამუშევართა უმრავლესობა სამგანზომილებიანი იყო. 

პირველი კურსის სტუდენტებმა ნამუშევრები ორ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნეს. ნინო სეხნიაშვილის სტუდენტების მთავარი თემა იყო "სასიყვარულო წერილები", ხოლო კოტე სულაბერიძისა და ნინო ჭიღლაძის სტუდენტების - ,,სივრცე". ნამუშევრები სახელწოდებით - "სივრცე" მეორე კურსელებმაც წარმოადგინეს.

გამოფენაში მონაწილე სტუდენტების თქმით, მათთვის სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნაზე მუშაობა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო:
,,დღევანდელი გამოფენის მიზანი იყო მნახველისთვის ეჩვენებინა, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ხელოვნების ნიმუში ეკიდოს კედელზე. სივრცული ნამუშევარი არ ჰგავს უბრალო ნახატს. უნდა იზრუნო მასალაზე, საჭირო ადგილზე და იმაზე, თუ როგორი ნამუშევარია შენ გვერდით. ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ ასეთი გამოფენის გაკეთება სტუდენტებს გვთხოვეს. ჩვენ შორის უმრავლესობა მხოლოდ ორგანზომილებიან ნამუშევრებს აკეთებდა, ამიტომაც პროცესი იყო ერთდროულად საინტერესო და რთული. გამოფენით, ჯამში, კმაყოფილი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, მეტიც შეგვიძლია და შემდეგი გამოფენისთვის მაქსიმალურად ვეცდებით, ძალიან კარგი ნამუშევრები გამოვფინოთ, რაშიც ნამდვილად დაგვეხმარება ამ გამოფენიდან მიღებული გამოცდილება" - გვითხრა ვადსის სტუდენტმა იზოლდა ნიშნიანიძემ.

"დღევანდელი გამოფენა იმით იყო განსაკუთრებული, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია კედლები. ეს არ იყო გამოფენის სტანდარტული ფორმა, ნამუშევრები გვქონდა წარმოდგენული სამ განზომილებაში. ჩვენ ბოლომდე ვერასდროს ვიქნებით კმაყოფილები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გაამართლა ამ გამოფენამ. თითოეულმა სტუდენტმა დავტოვეთ ჩვენი კომფორტის ზონა და შევქმენით სრულიად ახალი პროდუქტი" - აღნიშნა ვადსის სტუდენტმა სალომე ჯოხაძემ.

ჩვენ გავესაუბრეთ დამთვალიერებლებსაც, მათი შთაბეჭდილებები რომ გაგვეგო:
,,იყო რამდენიმე შთამბეჭდავი კუთხე, სადაც თანამედროვეობა და კრეატივი ნამდვილად იგრძნობოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, პირველად ვიყავი ვადსის გამოფენაზე, როგორც თავისუფალის შემოქმედებითი გუნდისგან ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა. რამდენიმე მომეწონა, ჩემთვის ჩამეღიმა. ვიმსჯელეთ კიდეც ახალგაზრდებმა, მაგრამ დანარჩენს მთლად ვერ ჩავწვდი. ალბათ, იმიტომ, რომ ხელოვნებასთან არც ისე ახლოს ვარ, მთლიანობაში კარგი იყო" - განაცხადა მარიამ მელქოშვილმა. 

,,ვფიქრობ, დღეს წარმოდგენილი ნამუშევრები ორიგინალურობითა და ახლებური ხედვით გამოირჩეოდა, ძალიან მომეწონა. ეს სტუდენტები ჯერ დამწყებები არიან, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდ ინტერესს აღვიძებენ" - აღნიშნა ნათია ზაზაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary