ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ ბაგებში არსებული სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი მოინახულა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო.
"სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. შესაკეთებელია ელექტროგაყვანილობა და სველი წერტილები, შემოსაყვანია გაზი და ცენტრალური გათბობა" - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია იმისთვის, რომ ამ შენობაში მასშტაბური შესაკეთებელი სამუშაო ჩატარდეს.
"უნივერსიტეტს უკვე გაკეთებული აქვს განაცხადები, როგორც განათლების სამინისტროში, ასევე ეკონომიკის სამინისტროში თხოვნით, რომ გადმოეცეს ეს შენობა უნივერსიტეტს. ასევე გამოცხადებულია ტენდერი სამრეცხაოს მოსაწყობად, რომელიც მოემსახურება ამ კორპუსებში მცხოვრებ სტუდენტებს, გამოიცვლება კანალიზაცია და წყალგაყვანილობა" - აღნიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.
დარეჯან თვალთვაძემ ამ ეტაპზე გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მცირე შეღავათი აქ მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც სამი-ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობენ ამ შენობებში და მათ ნამდვილად არ აქვთ ის საცხოვრებელი პირობები, რასაც იმსახურებენ და რაც საჭიროა სტუდენტებისთვის იდეალური გარემოს შესაქმნელად.
შენობის დათვალიერებისას რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რამდენიმე სტუდენტის ოთახსაც ესტუმრა, ერთ ოთახში ორი ან სამი სტუდენტია გადანაწილებული, ისინი კმაყოფილები არიან საცხოვრებლის მინიმალური გადასახადით, თუმცა, იმედოვნებენ, რომ სველი წერტილებისა და გაზის პრობლემა მოწესრიგდება.
"სამი წელია რაც აქ ვცხოვრობ, ნორმალური პირობებია და ცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე ნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენთვის არის სველი წერტილები, რადგან სულ ფუჭდება და წყალი ჩამოდის, პირველ რიგში, სწორედ ეს არის მისახედი" - აღნიშნა სტუდენტმა მარიამ იოსებიშვილმა.
"ორი წელია აქ ვცხოვრობ და იმასთან შედარებით, რასაც ვიხდით, ძალიან ნორმალური პირობებია. სამნი ვცხოვრობთ ერთ ოთახში, სამივე სტუდენტები ვართ" - გვითხრა სტუდენტმა რუსუდან ტეტუნაშვილმა.