ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები ჩატარდა.
საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველთა შორის იყვნენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტებიც, მათ 33 კანდიდატიდან საბჭოს 14 წევრი უნდა აირჩიონ. დღის ბოლოს სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი დვალიძემ შედეგები გამოაცხადა და პირველი ეტაპის არჩევნები მიმოიხილა.
"თითოეულ ფაკულტეტზე შეირჩა ორ-ორი კანდიდატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოვლინდა ერთი გამარჯვებული, ორ წევრს ჰქონდა თანაბარი ხმები, შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით უნდა გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა" - აღნიშნა სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი დვალიძემ.
აკადემიური საბჭოს არჩევნებში დამკვირვებლების სახით მონაწილეობას იღებდა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
"ჩვენ ვაკვირდებოდით არჩევნების პროცესს მთელი დღის განმავლობაში, არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და არანაირი დარღვევა არ შეგვინიშნავს" - აღნიშნა კონსტანტინე სალუქვაძემ, ახალგაზრდა ადვოკატთა წარმომადგენელმა.
აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა 7 ფაკულტეტიდან წარდგენილი 14 პროფესორით დაკომლექტდა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან წარდგენილ კანდიდატებს შორის კი მეორე ტური გაიმართება, რადგან ორმა კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: მექვაბიშვილი ელგუჯა, მინდორაშვილი მარინე;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა: ქურთუხია ომარ, ღვედაშვილი გიორგი;
იურიდიული ფაკულტეტი: ხარჩილაძე ირმა, ქურდაძე ირინე;
მედიცინის ფაკულტეტი: იმნაძე პაატა, ოკრიბელაშვილი ნინო;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ბელქანია ნოდარ, ბერძენიშვილი ამირან;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აბაშიძე თამარ, სანაძე რუსუდან;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: გოცირიძე დავით; ხოლო თანაბარი ხმები დააგროვა აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა.