სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში II
24 მაისი, 2016
სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში II ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია - ,,სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში II" გაიმართა.

ექსპედიცია შედგა თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ბაზაზე ცოდნის ფონდის მხარდაჭერით. პრეზენტაციაზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა ექსპედიციის შედეგების ამსახველი ნაშრომები წარმოადგინეს.

პროექტის ხელმძღვანელის, ენათმეცნიერ ლალი ეზუგბაიას თქმით, სამეცნიერო ექსპედიციების მიზანი იყო, სტუდენტებს თეორიული ცოდნის გარდა პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღოთ. იდეა კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა. მისი დამსახურებაა, რომ ხუთი წლის განმავლობაში ზედიზედ, 2010-2014 წლებში, განხორციელდა სტუდენტური ექსპედიცია. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის სამეცნიერო ექსპედიციები ჯერ საქართველოში არ განხორციელებულა:
,,მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი მასშტაბური ექსპედიციები სამეცნიერო და საგანმანათლებლო დანიშნულებით, თუნდაც იმ ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ცოდნის ფონდის მხრივ ჰქონდა პროექტს, ქართულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სისტემაში არასდროს განხორციელებულა".

ჩვენ გავესაუბრეთ აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტს, ანა ქურდაძეს, რომლის ორი ნაშრომია წიგნში შესული. მან მიღებული გამოცდილება გაგვიზიარა:
,,ჩვენს უნივერსიტეტში ყველა სტუდენტისთვის აუცილებელია საველე პრაქტიკის გავლა. ეს ასეთი საგანია, თუმცა, შემოგვთავაზეს ალტერნატივაც, კერძოდ, ექსპედიცია თურქეთში, რომლის მონაწილეებიც კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს. 

ექსპედიციის ფარგლებში მოვიარეთ ტაო-კლარჯეთი, კაპადოკია, ტრაპიზონი. ბოლო ხუთი დღე კი ნიგალის ხეობაში, ბორჩხაში, გავჩერდით და აქედან ფეხით გავდიოდით ,,ჩვენებურებით" დასახლებულ სოფლებში. იქ ცხოვრობდნენ, როგორც ქართულ კილოკავზე, ისე ლაზურად მოლაპარაკე ქართველები. დავდიოდით ენათმეცნიერებთან ერთად, ვესაუბრებოდით მოსახლეობას, ვიწერდით ამ საუბრებს. თბილისში დაბრუნების შემდეგ შემდეგ თითოეულმა მონაწილემ ავარჩიეთ კონკრეტული თემა და ენათმეცნიერებთან ერთად ვიდეოჩანაწერების გაშიფვრაზე დავიწყეთ მუშაობა. გარდა ამისა, არჩეული გვქონდა მეორე თემაც ექსპედიციის ისტორიულ ნაწილთან კონტექსტში. 

ისტორიულ ნაწილში ჩემი თემა არის ხეთური რიტუალები. ჩორუმის პროვინციაში ჩვენ მოვინახულეთ სოფელი ბოღაზქოი, სადაც გათხრილია და დაკონსერვებულია ძვ.წ XVI-XII საუკუნეებში არსებული ხეთების იმპერიის დედაქალაქი, ხათუსა. ნანახისა და შემდგომ ლიტერატურის დამუშავების საფუძველზე დავწერე ნაშრომი. რაც შეეხება ენის ნაწილს, ნაშრომის სათაურია კერძებთან დაკავშირებული ლექსიკა ,,ჩვენებურების" მეტყველებაში. ნაშრომი ლექსიკონის ტიპისაა, ბოლოში ერთვის გაბმული მეტყველების ნიმუშები, რომლებშიც გადმოცემულია "ჩვენებურების" სხვადასხვა ყოფით ტრადიციასთან დაკავშირებული სამზარეულო და რეცეპტები".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary