ახალგაზრდები პროექტს ორგანიზაცია "თავისუფალ ასოციაციასთან" ერთად ახორციელებენ. პროექტ "სალონური საღამოების" ფარგლებში სტუდენტები უფროსკლასელებს თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების წიგნებს წარუდგენენ. შერჩეული წიგნები ეხმიანება ჩვენს თანამედროვეობაში არსებულ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. მოსწავლეებს შეეძლებათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, იმსჯელონ რეალურ საზოგადოებაში როგორ განიხილება მსგავსი პრობლემები თუ საკითხები. "სალონური საღამოების" მიზანია მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ წიგნების პრეზენტაცია და მოკლე შინაარსის გაცნობა, არამედ იმ აქტუალური მოვლენების წინ წამოწევა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაშია და ახალგაზრდების დაფიქრება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შეეძლებათ მოამზადონ ესეი თემაზე, რომელზეც შეხვედრისას იმსჯელებენ და მათ ამისთვის, ბუნებრივია, მიეცემათ ერთკვირიანი ვადა. თსუ-ის სტუდენტები ახალგაზრდებს დეტალურ ინფორმაციას შეხვედრაზე მიაწვდიან. ესეების კონკურსში თბილისის მასშტაბით გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთათვისაც მცირე ფულადი პირეზებია გათვალისწინებული. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება პროექტის ბოლოს თსუ-ში.
ლიტერატურული საღამოების შესახებ მომზადდება რადიოგადაცემები, ფოტორეპორტაჟები და ვიდეორგოლები, რომელიც განთავსდება "თავისუფალი ასოციაციის" ფეისბუქის გვერდსა და ვებგვერდზე. პროექტი ხორციელდება სამხრეთ კავკასიის მასშტაბით მიმდინარე რადიოპროგრამის ფარგლებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე საქართველოს კონფლიქტური რეგიონი აფხაზეთი), რომლის მხარდამჭერები არიან: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ჩეხური ორგანიზაცია "სორსფაბრიკი", ფონდი "ღია - საზოგადოება საქართველო".