საჭადრაკო კლუბი "მოაზროვნე თაობა" რამდენიმე თვის წინ დაარსდა. "საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ტურნირზე, კლუბის შემადგენლობას წარმოადგენენ ახალგაზრდა და წარმატებული მოჭადრაკეები: გუნდის კაპიტანი და საერთაშორისო ოსტატი გიორგი სიბაშვილი, ნიკა ვოლკოვი, ნოდარ ლორთქიფანიძე, ნიკა ღვამბერია, ანა კუჭავა და მარიამ ჯანიაშვილი.
როგორც გუნდის კაპიტანი გიორგი სიბაშვილი აღნიშნავს, კლუბის დაარსების მთავარი იდეა ირაკლი ჯანიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კლუბის შექმნასა და მის განვითარებაში.
"სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ჭადრაკი დიდი ინტერესითა და პოპულარობით არ სარგებლობს. კლუბის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჭადრაკის სიყვარულს უკავშირდება. ჩვენი მიზანი სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესისა და ცნობადობის გაზრდაა."
სამომავლოდ, კლუბი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისგან აიღებს უფლებას საჭადრაკო ტურნირების ჩასატარებლად. საჭადრაკო სკოლა ღია იქნება ყველასთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ჭადრაკი როგორც სამოყვარული, ასევე პროფესიონალურ დონეზე.
"ჩვენი კლუბის საშუალებით ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მოემზადონ პრფესიონალური ჭადრაკისთვის და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებში. გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჭადრაკის ქომაგებისთვის ასევე გვაქვს საინტერესო სიახლეები, რომლებსაც უახლოეს მომავალში მათ აუცილებლად შევთავაზებთ."
შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2014 წლიდან იმართება და მასში რვა გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი შვიდ ტურად, წრიული სისტემით ტარდება და საპრიზო თანხა 30 000 ლარია. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცება 15 000 ლარი, მეორე ადგილს-10000, ხოლო მესამე ადგილის საპრიზო ფულად თანხას 5000 ლარი შეადგენს.