ერფურტის ადგილობრივ რადიოსადგურ F.R.E.I-ში ტრენინგი ,,მიგრაცია და იძულებითი გადაადგილება - ახალგაზრდების ხედვა მსოფლიოს გამოწვევებზე“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 20 ახალგაზრდა ჟურნალისტი გერმანიიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს მიგრაციასა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაზე. პროექტი გერმანული ორგანიზაციის „მუშაობა და ცხოვრება ტურინგენში“ (“Arbeit und Leben Thüringen”), რადიო F.R.E.I.-სა და ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონის“ ორგანიზებით და გერმანიის საგარეოთა საქმეთა ფედერალური ოფისის დაფინანსებით ჩატარდა.
გარდა სასემინარო მუშაობისა, იგი მოიცავდა რამდენიმე შეხვედრას პოლიტიკოსებთან, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
ჯგუფი ტურინგენის პარლამენტში შეხვდა ასტრიდ როთე ბაინლიჰს, რომელიც გერმანიის მწვანეთა პარტიაში მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. მან უპასუხა შეკითხვებს გერმანიაში მიგრანტთა პოლიტიკის შესახებ. გარდა ამისა, ახალგაზრდები გაესაუბრნენ სომალელ მიგრანტს, რომელმაც მათ საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო და იმსჯელა სომალსა და გერმანიაში არსებული სოციალური გარემოს შესახებ.
მონაწილეები ასევე ესტუმრნენ საჯარო ტელევიზია MDR-ს, შეხვდნენ სატელევიზიო პროგრამათა დირექტორს, მატიას გელერს, რომელმაც საჯარო და კერძო ტელევიზიებს შორის განსხვავებასა და თანამედროვე მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პროექტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ასოციაცია „ფეხბურთის სულთანაც“ , რომელიც მიგრანტების პრობლემებზე მუშაობს და ცდილობს ფეხბურთი ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს.
ახალგაზრდა ჟურნალისტები თითოეულ შეხვედრაზე წერდნენ ინტერვიუებს. საბოლოოდ კი კვირის მანძილზე მიღებული გამოცდილებისა და შეგროვებული მასალის გამოყენებით მოამზადეს შოუ, რომელიც რადიო F.R.E.I. -ს პირდაპირ ეთერში გავიდა.
პროექტის ხელმძღვანელის, ფელიქს ვაისის, თქმით ამ ტიპის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემების მოგვარების მთავარი გზა მათზე მსჯელობა და გამოცდილებათა გაზიარებაა: ,,ამ ტიპის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორებიცაა მიგრაცია და იძულებითი გადაადგილება. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. გერმანიაში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში ეს თემები ბოლო ათწლეულია ძალიან აქტუალურია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთზე კი არ ვისაუბროთ, არამედ ერთმანეთთან. მხოლოდ დიალოგითა და გამოცდილებათა გაზიარებითაა შესაძლებელი ერთმანეთის გაგება და თანამშრომლობა - ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხარ. ვფიქრობ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა გერმანიაში არაჩვეულებრივი დასაწყისი იყო. მონაწილეებმა საკმაოდ ბევრი რამ ისწავლეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი გეგმავს მიღებული ცოდნის სამომავლო აქტივობებში გამოყენებას“.
ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ ელიაშვილი, აღნიშნავს, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე დიდი გამოცდილება მიიღო და მოუთმენლად ელოდება პროექტის მეორე ეტაპს: “ჩემთვის ეს პროექტი მსგავსი ტიპის ტრენინგებში მონაწილეობის პირველი ნაბიჯია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მონაწილეობა ყველაზე ამაღლევებელი და განსაკუთრებული ჩემთვის იყო. პროექტის ორგანიზატორებმა საშუალება მოგვცეს გავცნობოდით იქაურ მედიას, შევხვდით პოლიტიკოსებსაც, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. ერფურტში გატარებული თითოეული დღე განსხვავებული და საინტერესო იყო“.
პროექტის მეორე ეტაპი 10-16 დეკემბერს თბილისში გაიმართება.