PrimeTimes-ის პრესკლუბში ილიაუნისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრესკონფერენცია გამართეს.
ერთ-ერთი სტუდენტის ბერდია ბერიძის თქმით, სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები იწყებენ ახალ კამპანიას ნიკოლოზ ჩომახაშვილისა და თორნიკე ჩიქოვანის დასახმარებლად. "ჩვენ შევეცდებით, შევუგროვოთ აღნიშნული თანხა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოსა და პოლიციის ქმედება იყო არაკანონიერი, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს მხოლოდ ჩადენილ ქმედებას. სტუდენტებს ჰქონდათ განზრახვა, ბანერი დაეკიდათ, თუმცა, იურიდიული ფაქტი არ მომხდარა, ანუ არ დაუკიდიათ ბანერი, აქედან გამომდინარე, უსამართლოა მათი გადაწყვეტილება" – აღნიშნა ბერდია ბერიძემ.
მოგეხსენებათ, 26 ივნისს სტუდენტები უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ. ახალგაზრდები პირველი სკოლის წინ მდებარე ილიასა და აკაკის ძეგლზე ცდილობდნენ "არ შეეხოთ უნივერსიტეტებს" ბანერის განთავსებას, როდესაც ისინი პოლიციამ დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ჩომახაშვილსა და თორნიკე ჩიქოვანს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.