ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" და შპს "ღვინის ლაბორატორიასთან".
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებსა და სტუდენტთა პრაქტიკებს "ღვინის ლაბორატორიასა" და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში".
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ მათ განკარგულებაში არსებული შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენებით. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს "EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში" ფარგლებში შექმნილი სასერტიფიკატო კურსებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მდგრადობასა და განვითარებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, "ღვინის ლაბორატორიის" დირექტორმა ირმა ჭანტურიამ და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებულ სტუდენტებს გავუზიაროთ გამოცდილება. ვიმედოვნებთ, სტუდენტები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" პრაქტიკის შემდეგ დაინტერესდებიან ჩვენთან მუშაობით" - აღნიშნა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა.
"ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი პროექტები" - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.