ჭავჭავაძის გამზირზე ილიაუნის შესასვლელთან აქცია-კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ილიაუნის სტუდენტები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ საპროტესტო ბანერის გაკვრისთვის დაკავებულ ახალგაზრდებს. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მათ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სტუდენტების განცხადებით, სწორედ ეს უსამართლო ქმედება გახდა კონცერტის გამართვის მიზეზი. თავიდან ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრეებს, თუ რა მიზანს ისახავდა დღევანდელი შეკრება, შემდეგ კი დაიწყო აქციის მუსიკალური ნაწილი. რამდენიმე სტუდენტი სხვადასხვა კომპოზიციით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
კონცერტის პარალელურად სიმბოლურად 5-თეთრიანებით გროვდებოდა თანხა, რომელიც ჯარიმის სახით დაეკისრათ ახალგაზრდებს.
"ჩვენ ამ აქცია-კონცერტით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ პროტესტს. არ არის სწორი, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერევა უნივერსიტეტის საქმიანობაში. ჩვენ სტუდენტებს გვაქვს იმის უფლება, რომ ვიყოთ საქმის კურსში და ჩვენც გვეთქმოდეს ჩვენი სიტყვა. დღეს სიმბოლურად ვაგროვებთ თანხას, რომ გადავიხადოთ ის სრულიად უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმა. მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ იმყოფება და გვერდში გვიდგას" - აღნიშნა სტუდენტმა ოთარ უბილავამ.