საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით 8-დან 13 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროექტი განხორციელდა.
სკოლის მოწვეული პროფესორები ავსტრიიდან, იტალიიდან, უკრაინიდან და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან იყვნენ, მსმენელები კი - ავსტრიელი, უკრაინელი და ქართველი სტუდენტები. პროექტში მონაწილეობას სულ 43 სტუდენტი იღებდა.
საზაფხულო საერთაშორისო სკოლის პროექტის განხორციელების მიზანი საქართველოს ნიადაგების გაცნობა იყო.
"პირველ დღეს ლისის ტბაზე ვიყავით, შემდეგ ყაზბეგში, ბაკურიანში, ბათუმში, იმერეთში და მცხეთაში, სადაც საქართველოს ნიადაგების შესწავლა ხდებოდა. მაგალითად, ჩვენ ჭრილებს ვაკეთებდით და ამის მიხედვით ვიგებდით ესა თუ ის ნიადაგი როგორი შეფერილობის იყო, კარბონატული იყო თუ არა და სხვა. ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო, იმიტომ რომ, მე პირადად პირველად ვიყავი ამ დოზით საველე სამუშაოზე. თეორიულად ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ პრაქტიკა არ მქონდა, ამიტომაც ძალიან კმაყოფილი ვარ" - გვითხრა აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტმა თათია სხიერელმა.
"მე მინდა რომ ასეთი ტიპის პროექტი იყოს ყოველწლიური და სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა, ჩვენ წინასწარი მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამ თემასთან დაკავშირებით. გვინდა, რომ იყოს უფრო მკაცრი შერჩევა, მაგალითად, ენის ცოდნა სავალდებულო იყოს. ეს იქნება საგნის პოპულარიზაცია. ჩვენ გვინდა მსგავსი ტიპის პროექტი მეტყევეობაშიც განვახორციელოთ, გერმანელებთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს" - განაცხადა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქომიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორმა.