15 ივლისს საპატრიარქოს ტელევიზიის " ერთსულოვნების" დარბაზში გაიმართა "დოქტრინას" სალექციო კურსის დასკვნითი ლექცია თემაზე - " პირველადი დახმარება".
საჯარო ლექციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირებისა და მართვის სასწავლო ცენტრის უფროსმა იოსებ მაისურაძემ წაიკითხა. მან ყურადღება გაამახვილა გადაუდებელ მედიცინაზე, ანუ როგორ უნდა მოვიქცეთ გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის შემთხვევაში.
აგრეთვე, მოეწყო პრეზენტაცია "112"-ის შესახებ , რომელიც მისმა წარმომადგენელმა ანა კეკელიძემ წარმოადგინა და აუდიტორიას გააცნო "112"-ის ისტორია , საქმიანობა , ძირითადი ფუქციები, ასევე ისაუბრა მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე.
""112"-ს დაემატება სამედიცინო კონსულტირება, ვიდეოზარი და შესაძლებელი იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება" - განაცხადა ანა კეკელიძემ.
"დღევანდელი ლექცია წაიკითხა ბატონმა იოსებ მაისურაძემ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია შესთავაზა ახალგაზრდებს . მსგავსი სახის ლექციებს სექტემბრიდან განვაახლებთ და რადგანაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ლექციამ, ამიტომაც სექტემბრიდან ვგეგმავთ სრული საჯარო ლექციათა კურსი შევთავაზოთ ახალგაზრდებს ფსიქოლოგიაში" -ამბობს "დავითიანნის" წევრი ნელი შავლაძე.
დღევანდელმა ლექციამ საინტერესოდ და ინტერაქტიულად ჩაიარა.
"დოქტრინას" სალექციო კურსი ახალგაზრდებს ორი თვის განმავლობაში სთავაზობდა აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციებს, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ზოგადი ცოდნის ამაღლება იყო. ყველას, ვინც დაესწრო მინიმუმ რვა ლექციას, გადაეცემა სერთიფიკატი.