ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფონდში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე - "პოლიტიკური მეხსიერების ლაბირინთები: სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?"
დისკუსიაზე მოხსენებით გამოვიდნენ: პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი, სამართლის დოქტორი ანა დოლიძე და იურისტი ოთარ კახიძე. დისკუსიის მოდერატორი გოგი გვახარია იყო.
დავით ბერძენიშვილმა ქართული საზოგადოების დაბალ სამოქალაქო კულტურას გაუსვა ხაზი. მან ბოლო ათწლეულებში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე შეაჩერა ყურადღება. ,,საქართველოში კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს. ასე გაგრძელდება მომავალ არჩევნებამდე. ვნახოთ, რა იქნება, შემდეგ" – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
ანა დოლიძემ სამ ცნებაზე გაამახვილა ყურადღება - მეხსიერება, შურისძიება და სამართლიანობა. მან ეს ცნებები ფრანგი მწერლის ერნესტ რენანისა და ფრანგი ფილოსოფოსის სიმონა დე ბოვუარის მიხედვით განმარტა. ანა დოლიძემ ევროპაში სამართლიანობის აღდგენის მაგალითებიც მოიყვანა.
ოთარ კახიძემ გლდანის ციხის ამბებით დაიწყო თავისი მოხსენება. ამასთან მან მიჩიგანისა და მისისიპის ციხეების სკანდალიც შეახსენა დამსწრე საზოგადოებას. ოთარ კახიძის თქმით, არ შეიძელება ვთქვათ, რომ საქართველოს ყველა ციხეში აწამებდნენ პატიმრებს. "ამის გამო არ უნდა დავითხოვოთ ყველა ციხის თანამშრომლები. გლდანის ციხის ამბების გამოძიება უნდა მოხდეს და სასამართლომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება" - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მომხსენებლებს დარბაზში მსხდომმა მონაწილეებმა შეკითხვები დაუსვეს. დისკუსია 2 საათს გაგრძელდა.
დისკუსიის მონაწილის ანა ჯოჯუას აზრით, საინტერესო დებატები იყო. მსგავსი დისკუსიები აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებისთვის, ამიტომ ხშირად უნდა ტარდებოდეს.