ახალ რექტორს თსუ-ს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით 16 აგვისტოს აირჩევს
16 ივლისი, 2013
ახალ რექტორს თსუ-ს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით 16 აგვისტოს აირჩევს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება.
რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 19-მა კანდიდატმა გამოთქვა. თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი 12 კანდიდატი დაარეგისტრირა: ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარიან მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, მარინე ჩიტაშვილი და ინესა მერაბიშვილი.
რექტორობის ორი მსურველის კანდიდატურა ჯერ განხილვის პროცესშია.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თსუ-ს ლექტორი, პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილია. "რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (არანაკლებ შვიდი ხმისა) უნდა მიიღოს კანდიდატმა იმისათვის, რომ აირჩიონ რექტორის თანამდებობაზე. რაც შეეხება პროცედურებს, წესდებით განსაზღვრულია, რომ კენჭისყრა უნდა იყოს ფარული, შესაბამისად, კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ხმის მიცემის ფარულობა. ჩვენ გვსურს, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდეს ეს არჩევნები, რასაკვირველია, ხმის მიცემის ფარულობას დავიცავთ, მაგრამ დანარჩენი პროცედურები კომისიის ხედვით უნდა იყოს აბსოლუტურად საჯარო და გამჭვირვალე. საშუალება უნდა ჰქონდეთ აკრედიტებულ პირებს, რომ დაესწრონ არჩევნებს. ესენი იქნებიან: თვითონ კანდიდატები, მათი წარმომადგენლები, სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები, და, ბუნებრივია, ასევე გათვალისწინებულია მედიის წარმომადგენლების დასწრებაც" - აღნიშნავს დავით ბოსტოღანაშვილი.

"რექტორის არჩევნებისგან ველოდები ყოველივე კარგს, ავირჩევთ ისეთ რექტორს, რომელიც გააგრძელებს უნივერსიტეტის ტრადიციებს. ჩვენ უკვე ბევრი რექტორი ვნახეთ, გავიცანით, ვითანამშრომლეთ მათთან და დარწმუნებული ვარ, რომ ახალარჩეული რექტორი იქნება საუკეთესო საუკეთესოთა შორის" - აცხადებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ლორთქიფანიძე.

გამოკითხული სტუდენტების უმრავლესობამ არ იცის, ვინ არიან რექტორობის კანდიდატები, თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც რეალურად აინტერესებს საუნივერსიტეტო ცხოვრება. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ლიკა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა კადრი უფრო მეტ სიცოცხლესა და საინტერესო ცვლილებებს შემოიტანდა. "მაგრამ ამ შემთხვევაში გარისკვას, ალბათ, ისევ ჯობს გამოცდილ კადრს დავუჭიროთ მხარი. ვფიქრობ, ახალმა რექტორმა მეტი ყურადღება უნივერსიტეტის ბიუჯეტსა და ინფრასტრუქტურას უნდა მიაქციოს სასიამოვნო და სწავლის შესაფერისი გარემოს შესაქმნელად (გარკვეულ კორპუსებში განსაკუთრებით). სწავლის მხრივ კი, საჭიროა, გადაიდგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც უფრო საინტერესოს გახდიდა სტუდენტისთვის სწავლას. აუცილებელია, თანამედროვე სწავლების მეთოდების შემოტანა და სტუდენტური ცხოვრების უფრო გალამაზება. რაც შეეხება კონკრეტულად, რომელ კანდიდატს ვისურვებდი რექტორად, პირადად არცერთ მათგანთან არ მქონია შეხება და არ ვიცნობ, ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომელი იქნებოდა მათ შორის საუკეთესო" - ამბობს ჩვენთან საუბრისას ლიკა ხაინდრავა.

"რექტორმა უნდა გაითვალისწინოს თითოეული სტუდენტის ინტერესი, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და გაზარდოს უნივერსიტეტის ეროვნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცე" - ამბობს უცხო ენების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ილონა შამათავა.

ინესა მერაბიშვილი თსუ-ს რექტორობის ერთ–ერთი კანდიდატია. უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტი, თბილისის ბაირონის სკოლის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა საქართველოში. დედა უნივერსიტეტმა უნდა აღიდგინოს თავისი მნიშვნელოვანი მისია და იქცეს ევროპული საუნივერსიტეტო ოჯახის ღირსეულ წევრად. მზად ვარ, მთელი ჩემი ენერგია და მართვის უნარი აკადემიურ გამოცდილებასა და მნიშვნელოვან კონტაქტებთან ერთად უნივერსიტეტს მოვახმარო. უნივერსიტეტი სასწავლო–სამეცნიერო დაწესებულებაა და ის უპირველესად სტუდენტისათვის არის შექმნილი. სტუდენტს უნდა მივცეთ სათანადო განათლება, უნდა გავაკონტროლოთ სტუდენტის ლექციებზე დასწრება, ამავე დროს ის უნდა მოვიზიდოთ საუკეთესო ლექციით, წავახალისოთ სტიპენდიით. შემიძლია, დავამყარო უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივი გაცვლითი პროგრამები. აუცილებლად შევქმნი სტუდენტურ ფონდს, სადაც გამჭვირვალედ შემოწმდება ყოველი თეთრი" - აცხადებს ინესა მერაბიშვილი. მისი აზრით, არსებული აკადემიური პერსონალი არ უნდა შევიწროვდეს და მათ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უნდა გააგრძელონ მუშაობა. მისი თქმით, საჭიროა პროფესორის ხელფასის გაზრდა და ამავე დროს მისი დატვირთვის (ჩასატარებელი საათების) შემცირება, რაც გამოათავისუფლებს სივრცეს ვაკანსიების გამოსაცხადებლად.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary