თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ვეფხისტყაოსნის" პირველი სტამბური გამოცემიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც "ვეხფისტყაოსნის" 21-ე საუკუნის ხელნაწერი წარადგინეს.
ნაწარმოების გადაწერის იდეა თსუ-ს ბიბლიოთეკას ეკუთვნის. ტექსტის გადაწერაში ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ხელნაწერი ქართველი მხატვრების მიერ არის ილუსტრირებული, ხოლო თითოეული ფურცელი 1712 წლის გამოცემის ანალოგიურად კალიგრაფისტის მიერაა გაფორმებული. პროექტის ფარგლებში თსუ-ს სააქტო დარბაზის ფოიეში გამოიფინა თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე ცნობილი სახეები, მათ შორის: გია ბუღაძე, ჯემალ ღაღანიძე, ნინო სუხიშვილი, ომარ მხეიძე, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და სხვები.
პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პროფესორმა და ფილოლოგმა მზექალა შანიძემ სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა ახალი ხელნაწერის მნიშვნელობასა და დანიშულებაზე. "თანამდევრივე ეპოქაში, როდესაც პრობლემას არ წარმოადგენს წიგნების დაბეჭდვა, "ვეფხისტყაოსნის" ხელახალ გადაწერას უდიდესი მნიშნელობა აქვს, რადგან მხოლოდ ისტორიკოსები, ფილოლოგები ან რუსთველოლოგები არ უნდა იცნობდნენ მას. ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მის გადაწერაში სხვანაირად შეისწავლა ნაწარმოები, უშუალოდ შეეხო თითოეულ სიტყვას და შეიცნო მისი შინაარსი, ამით ძალიან დიდი რამ შესძინა როგორც საერთო დიდ საქმეს, ასევე საკუთარ თავს. მე დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ლიტერატურული შედევრის 21-ე საუკუნის ხელნაწერი".
ქეთევან მოსიძე იმ სტუდენტთა რიცხვშია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ნაწარმოების გადაწერაში. " ჩემთვის დიდი პატივი და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა ასეთ ადამინებთან ერთად. მიხარია, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე საუკუნის საქმეში" - განცხადა ქეთევან მოსიძემ.