"თბილისი მერიოტში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიამ საქართველოში კონფერენცია გამართა თემაზე – "პროფესიული განათლების სტრატეგია, პროფორიენტაცია და ხარისხის გაუმჯობესება".
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატროშვილმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ გახსნეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ აღნიშნა, რომ პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული განათლების გაძლიერების მიმართულებით შეიქმნა ახალი კურსები, დაფინანსდა ახალი სასწავლო ტრენინგის სახელოსნოები, მომზადდა ათასობით ადამიანი და გადამზადდა ახალ პროფესიებში, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს შრომის ბაზარზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფკავშირების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამსაქმებლები.
"ეს არის სტრატეგია, რომელზედაც ბოლო წლების მანძილზე ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, უცხოელ ექსპერტებთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დღეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მასპინძლობს კონფერენციას, სადაც პირველად ასე ფართო მასშტაბით გამოგვაქვს და ვაჩვენებთ იმ სტრატეგიებს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ პროფესიული განათლების ფარგლებში" – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ.
კონფერენციაზე განიხილეს პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია, პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა, განათლების ხარისხის განვითარება და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-დანერგვა.