ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
წელს აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ, სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე არჩეული უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი სურვილისამებრ შეცვალონ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საბოლოო დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ საგამოცდო პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მოიხსნა 2 აბიტურიენტი. გამოცდაზე არ გამოცხადდა აბიტურიენტთა 2%.
2013 წლის გამოცდებისთვის სულ 42 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აპლიკანტთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო საქართველოს 12 ქალაქში 18 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 17 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
„30 000–მდე აბიტურიენტმა უცხო ენად ინგლისური აირჩია. არჩევით საგნად - 14 500-მდე აბიტურიენტმა ისტორია აირჩია. ბრაილის შრიფტით გამოცდა ერთმა აბიტურიენტმა ჩააბარა. გამოცდებში წელს 200-მდე სპეციალური საჭიროების მქონე პირი, 9 პატიმარი და 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა" - გვითხრეს გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
აბიტურიენტ ნიკოლოზ შარმიაშვილის თქმით, კმაყოფილია საკუთარი თავით, მაგრამ უკმაყოფილოა გეოგრაფიის ტესტებით. "ზოგიერთი ისეთი კითხვა იყო, რომელიც ჩემი აზრით, არ შეესაბამებოდა გეოგრაფიას, ბევრი გამოსათვლელი იყო და მე მსგავს საკითხებს მათემატიკას უფრო მივაკუთვნებდი, მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ სამუშაო პროცესით, გარემო საშუალებას იძლეოდა მაქსიმალურად მშვიდად გეფიქრა და გემუშავა, გადაწერის მცდელობა არ ყოფილა" - აღნიშნა ნიკოლოზ შარმიაშვილმა.
"4 საგანი ჩავაბარე, თსუ-ში ვაბარებ, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, როგორც საკუთარი თავით, ისე გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამოცდით, რომელიც ფიზიკაში იყო, ცოტა უკმაყოფილო ვარ, დაფინანსებას მაინც ველოდები, გამოცდების სისტემა მისაღებია ჩემთვის და ცვლილებას არ შევიტანდი" - განაცხადა ალექსი ჭაუჭიძემ.
შაკო ციხელაშვილი ბოლო გამოცდით უკმაყოფილოა, მაგრამ მთლიანობაში 70%-იან გრანტს ელოდება. "ტესტური ამოცანები, რომლებიც ადვილი უნდა ყოფილიყო, რთული იყო და რომელიც ძნელი - ადვილი, თავისუფალ უნივერსიტეტში ვაბარებ და გრანტის იმედიც მაქვს, ექსცესს ადგილი არ ჰქონია, უკმაყოფილო ვარ მხოლოდ იმით, რომ აუდიტორიაში საშინელი სიცხეა" - აღნიშნა შაკო ციხელაშვილმა.
"ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პრინციპი ძალიან მომწონს, წლევანდელი გამოცდა გაცილებით რთული იყო, ვიდრე შარშანდელი, უკმაყოფილო ვარ უნარების ტესტებით, ვერბალურ ნაწილში ორაზროვანი კითხვები იყო, ეს კი აბიტურიენტს, როგორც ქულას აკარგვინებს, ისე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს" - განაცხადა აბიტურიენტმა მარიამ ბეჟაშვილმა.
ლაშა გრიგოლაშვილის თქმით, გამოცდებმა კარგად ჩაიარა, თუმცა, ბევრ რამეს შეცვლიდა ამ სისტემაში. "ერთიანი ეროვნული გამოცდების პრინციპი არ მომწონს, პატიმრებს არ უტარებენ ასეთ შემოწმებას, როგორსაც აქ" - აღნიშნა ლაშა გრიგოლაშვილმა.