საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდულმა ვებჟურნალმა "თავისუფალი ასოციაცია" ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში სამი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა: ,,students together", ,,კავკასიური ლიგა" და ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - ELSA თბილისი".
ახალგაზრდები ვებჟურნალის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი ინიციატივები და იდეები შესთავაზეს ვებჟურნალის წარმომადგენლებს.
,,თავისუფალი ასოციაცის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის ნუკა კეკელიას თქმით, ,,ძალიან საინტერესო ინიციატივა წამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან. განვიხილეთ პრობლემატური საკითხები. მიმაჩნია, რომ სამომავლო თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება".
,,გამოვთქვით მოსაზრება, რომ ,,თავისუფალი ასოციაციის" გვერდზე განთავსდეს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ მოკლე ინფორმაცია და მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი" - აღნიშნა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,students together"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ქორიძემ.
,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ლოკალური ჯგუფის ELSA თბილისის" ფინანსური მენეჯერის მარიამ გოხიძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ბევრის მომცემი იყო. "ძალიან კარგი შემოთავაზება ჰქონდათ ვებჟურნალის წარმომადგენლებს. ,,თავისუფალი ასოციაციის" საიტზე დაიდება ჩვენი ვაკანსიები და მიმდინარე პროექტები. ვფიქრობ, სტუდენტების მხრიდანაც დიდი დაინტერესება იქნება და ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვება" - აღნიშნა მარიამ გოხიძემ.
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავკასიური ლიგის" პრეზიდენტის ნოდარ თოთაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა აუცილებელი და საჭირო იყო. ,,თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებს შევთავაზეთ ჩვენი იდეები, რომ საიტზე განთავსდეს არასამთავრობო სტუდენტური ორგანიზაციების ღონისძიებების ანონსი, ასევე დაემატოს საიტზე ერთი ბლოკი, სადაც იქნება არასამთავრობოების შესახებ ინფორმაცია. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კარგ გარემოში. დიდი მადლობა "თავისუფალ ასოციაციას" დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისთვის და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ ამ კუთხით გავაგრძელებთ თანამშრომლობას" - განაცხადა ნოდარ თოთაძემ.