ბანაკის ორგანიზატორია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რომელიც ამავდროულად პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა ქვემო ქართლის რეგიონში.
"სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში" მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან. ბანაკი სამ ნაკადად წარიმართება და სულ მონაწილეობას მიიღებს 276 მონაწილე. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს უტარდებათ ტრენინგები სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, წერენ პროექტებს, რომლებსაც განახორციელებენ თავიანთ სამოქალაქო კლუბებში სასწავლო წლის განმავლობაში. ყოველი დღე დატვირთულია სახალისო, შემეცნებითი აქტივობებით, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეების დაახლოებას. ბანაკის მნიშვნელოვანი ნაწილია, აგრეთვე, შეხვედრა და დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან - მონაწილეებს ხვდებიან ცნობილი ჟურნალისტები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, სპორტსმენები, სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
სიქა მესამე წელია ორგანიზებას უწევს "სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკს". გასულ წლებში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ქართველ ლიდერებთან ერთად ევროპელი ახალგაზრდა ლიდერები მუშაობენ, რომლებსაც სიქა მასპინძლობს ევროკომისიის პროგრამა "ახალგაზრდები მოქმედებაში" ფარგლებში.








