მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი გაიმართა, სადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ არა მარტო ბავშვები და ახალგაზრდები, არამედ მათი მშობლებიც. ღონისძიება ნაყინის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
აქ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის ნაყინის სახეობები, რომელთა დაგემოვნება ნებისმიერ სტუმარს შეეძლო.
,,ძალიან გრილი და გემრიელი დღე ნებისმიერი ასაკის დამსვენებლისთვის" - ასე აფასებდნენ პარკში შეკრებილები ღონისძიებას. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს ბაზარზე არსებულმა ნაყინის მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს. ,,ივლისის თვე ნაყინის საერთაშორისო თვეა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მთაწმინდის პარკი მთელ მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს. მოვიწვიეთ ნაყინის მწარმოებელი კომპანიები, დავპატიჟეთ ხალხი და მათ ძალიან საინტერესო ღონისძიებას ვთავაზობთ" - აღნიშნა მთაწმინდის პარკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია ფარცხალაძემ.
ფესტივალის დასასრულს შეჯიბრი გაიმართა. მონაწილემ, რომელმაც ყველაზე სწრაფად შეჭამა ნახევარი კილოგრამი ნაყინი, პრიზები მიიღო მთაწმინდის პარკისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანიებისგან. შეჯიბრში მონაწილეობა ფესტივალის დაწყებამდე დარეგისტრირებულმა შვიდმა მონაწილემ მიიღო. ღონისძიება კი კონცერტით დასრულდა. ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამით გაერთოთ თავი, გაიმართა ფლეშ-მობი, იყვნენ თოჯინები, რომლებიც ბავშვების კარგ განწყობაზე ზრუნავდნენ.