თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატ ინესა მერაბიშვილთან შეხვედრა გაიმართა.
მან გაიხსენა უნივერსიტეტის ისტორია და მის მომავალზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაპირველად სიტყვით გამოვიდა თსუ-ს პროფესორი ნუგზარ რუხაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ინესა მერაბიშვილის შესახებ ესაუბრა, გააცნო მისი მოღვაწეობა უნივერსიტეტში.
"როდესაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებდა კონკურსს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, ჩვენ, დასავლეთ ევროპის ფილოლოგიის პროფესორ-მასწავლებლებმა, გადავწყვიტეთ, ჩვენი კანდიდატურა შეგვეთავაზებინა უნივერსიტეტისთვის" - განაცხადა ნუგზარ რუხაძემ.
"პირველ რიგში, კონცეფცია მიმართულია სტუდენტზე. უნივერსიტეტი არის და იქნება სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, ხოლო მეცნიერება, როგორც გონი ქვეყნისა, უნდა მიჰყვებოდეს სტუდენტისა და ახალგაზრდობის მოთხოვნებს. ამავე დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ უნივერსიტეტს გადავურჩინოთ აკადემიური პოტენციალი, რომელიც დღეს შემორჩა" - აღნიშნა ინესა მერაბიშვილმა.
რექტორობის კანდიდატმა ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე და მაგალითები მოიყვანა ევროპისა და ამერიკის საგანმანათლებლო სისტემებიდან.