თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალი და სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შეხვდნენ.
კანდიდატებს შორის იყვნენ ილია თავხელიძე, მერაბ ცაგარელი, მანანა ხაჩიძე და ვლადიმერ პაპავა. მათ დაწვრილებით ისაუბრეს თავიანთ პროგრამებსა და სამოქმედო გეგმებზე.
"უნივერსიტეტში კანონიერება უნდა აღდგეს. ამიტომ ყველა პროფესორი, რომელიც არის არჩეული და აქვს ვადა, არცერთს არაფერი შეეხება. მთავარია, უნივერსიტეტში არ მოხდეს წყვეტა სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების. ყველაფერი ისე იქნება, როგორც კანონი მოითხოვს" - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
"უპირველესად სწავლების ხარისხის ასამაღლებლად მიმაჩნია ლექტორთა და სტუდენტთა თანაფარდობის დარეგულირება. დღეს ეს თანაფარდობა შეადგენს 1/20-თან, ანუ ერთ პროფესორზე მოდის 20 სტუდენტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. პირველ ეტაპზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს თანაფარდობა გახდეს 1/15–თან, შემდგომ კი თუ შესაძლებელი იქნება 1/12-თან" - განაცხადა მერაბ ცაგარელმა.
"შესაქმნელია აკადემიური პერსონალისთვის ღირსეული და უნივერსიტეტისათვის მისაღები საპენსიო პოლიტიკა. განხილული უნდა იყოს ემირიტუსის სტატუსი და თუ საჭირო გახდა, შესამუშავებელია შესაბამისი საკანომდებლო ინიციატივები" - აღნიშნა ილია თავხელიძემ.
"სტუდენტს უნდა ჰქონდეს მისი მოთხოვნის შესაბამისი განათლების მიღების საშუალება სწავლის ყველა ეტაპზე. უნდა ჰქონდეს საშუალება, ჩაერთოს მეცნიერულ პრაქტიკულ საქმიანობაში. მას უნდა მიეცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში" - განაცხადა მანანა ხაჩიძემ.
რექტორის არჩევნებში სულ 14 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. თსუ-ს რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს 14.00 საათზე გაიმართება. ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას მიიღებს.
რექტორის არჩევნებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.