საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე - "სავალდებულო სამხედრო სამსახური - არსებული მდგომარეობა და შესაძლო ცვლილებები".
დისკუსიაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათ არსებულ მდგომარეობასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ამჟამინდელი ფორმის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს.
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურმა ახალგაზრდას ხელი არ უნდა შეუშალოს პროფესიულ განვითარებაში.
"დღეს ვისაუბრეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის ფორმებსა და ვადებზე, აგრეთვე, შევეხეთ რეზერვის თემასაც. გავაცანით საზოგადოებას ამ საკითხზე ჩვენი ხედვა, რომლის შედეგიც იქნება ის, რომ ადამიანი, როდესაც დაასრულებს სწავლას, მას უკვე გავლილი ექნება სავალდებულო სამხედრო სამსახური და მის კარიერას ზიანი აღარ მიადგება" - განაცხადა ახალგაზრდული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თემურ შენგელაიამ.
დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ საკუთარი აზრი.