თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა-სტაჟირების პროგრამა დაიწყო, რომელიც 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
თსსუ სტუდენტების ინიციატივით საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ახორციელებს თბილისსა და რეგიონებში მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებისათვის.
სკოლა–სტაჟირების პროგრამა პირველად 2010 წელს განხორციელდა, ხოლო წელს მეორედ ხორციელდება (ამ მასშტაბით პირველად), სადაც 600-მდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას.
უნივერსიტეტს მხარს უჭერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან, როგორც კერძო კლინიკებში, ასევე გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, სტომატოლოგიურ სამედიცინო პუნქტებში და ა.შ.
"სანამ ამ პროგრამას ჩამოვაყალიბებდით, პირველ რიგში, გამოვკითხეთ სტუდენტები, კერძოდ, თუ სად უნდოდათ სტაჟირების გავლა, რეგიონსა თუ ქალაქში. ამის შემდეგ ჩვენ მოველაპარაკეთ კლინიკებს და გავაფორმეთ მათთან ხელშეკრულებები. მთლიანად ეს პროგრამა არის სტუდენტებზე მორგებული. ჩვენ გავითვალისწინეთ სტუდენტების აზრი" – განაცხადა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა გოგი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, სტაჟირებისას ყველა სტუდენტი თანაბარ პირობებში იქნება და რაოდენობის მხრივ შეზღუდა არ ექნებათ.
სტაჟირებაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტს რეგისტრაცია ელექტრონულად უნდა გაევლო ვებგვერდზე www.tsmu.edu, სადაც სააპლიკაციო ფორმა შეავსებდა.
სტაჟირების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.