საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას დაესწრო.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 25 აგვისტოს დაიწყო და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დრომდე რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით 5 ათასამდე აპლიკანტმა გაიარა. რეგისტრაციის პროცესი თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, 70 რესურსცენტრსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ 33 დაწესებულებაში მიმდინარეობს.
დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება შეუძლიათ მათთვის სასურველი მიმართულების ერთ ან რამდენიმე პროფესიულ პროგრამაზე. პროგრამის ხანგრძლივობა მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 2,5 წელია.
ახალი სასწავლო წლიდან ყველა დარეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 19 პროფესიულ და 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პროფესიული პროგრამები ხორციელდება.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროფესიული განათლების დამწყებმა აპლიკანტმა, რომელმაც სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება შეარჩია, უნდა გაიაროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული უნარების ტესტი. ტესტირების მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა. ტესტირების შედეგების მიხედვით ჩარიცხვის ბარიერი არ არსებობს. სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა კი ექნებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან კონკურსის საფუძველზე და ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპტენციის ზღვარს.