9–10 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ში მოღვაწე ქართველი პროფესორები: აპოლონ მესხი და ნინო სოლომონია ეწვივნენ.
პროფესორი აპოლონ მესხი დიდი ბრიტანეთის მეან–გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯისა და სამეფო სამედიცინო საზოგადოების წევრია. ნეონატოლოგი ნინო სოლომონია კი - აშშ-ში ახალშობილთა ბლოკის რეანიმაციის რეგიონალური ინსტრუქტორი. პროფესორები ორი დღის განმავლობაში თსსუ–ის რეზიდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისთვის წაიკითხავენ ლექციებს თემებზე -"მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მექანიზმები, დიაგნოსტიკა და მართვა" და "სამშობიარო ბლოკში ახალშობილის პირველადი რეანიმაცია და სტაბილიზაცია".
პროფესორ აპოლონ მესხის თქმით, მისი ძირითადი საქმე ,,ახალგაზრდების წვრთნაა" და სწორედ ამიტომ გამოცემული აქვს ორი წიგნი სტუდენტებისთვის. ის კითხვებს უსვამდა ქართველ რეზიდენტებსა და ადარებდა ბრიტანელ სტუდენტებს. "სტუდენტების დონე ერთნაირია, მასალა და ცოდნის დონეც - მსგავსი" - აღნიშნა პროფესორმა. მან პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე წარმართა და აღნიშნა, რომ იგივე მასალა აქვს ჩამოტანილი, რასაც მანჩესტერის უნივერსიტეტში კითხულობს.
პროფესორების მოწვევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს მეან–გინეკოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით მოხდა.