ნოდარ ხადური: ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოს 100 ქვეყანას შორისაც არ ვართ
13 სექტემბერი, 2013
ნოდარ ხადური: ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოს 100 ქვეყანას შორისაც არ ვართ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაცია უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ გახსნა. აღსანიშნავია, რომ პროექტის წარდგენა სწორედ ეკონომისტის დღეს მოხდა, რომელიც 1918 წლიდან არსებობს.

ამ პროექტის მომზადებაში ჩართული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი.

ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კურსი დადებითია: ,,საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ადმინისტრაციული ხარჯები შეამციროს და სოციალურ-ეკონომიკური პროექტები დააფინანსოს". მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და ეფექტური სახელმწიფო მმართველობა. მნიშვნელოვანია დედოლარიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე ლარის კურსისადმი ნდობის ამაღლება.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიზნესის განვითარებას აფერხებს დაბალი კონკურენტუნარიანობა, სუსტად განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ფინანსური სისტემა, კერძო საკუთრების დაცვის უზრუნველყოფის სისუსტე: ,,ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. საჭიროა, საინვესტიციო კანონმდებლობის დახვეწა. ე.წ. მონოპოლიების მოსპობა და საბაჟო კანონმდებლობის გაუმჯობესება".

პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა არის ყველაზე პრიორიტეტული დარგი ეკონომიკის ზრდისთვის. ამისათვის საჭიროა, კოოპერაციული მეურნეობის ხელშეწყობა, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება, გლეხებში ახალი ცოდნის დანერგვა, აგრარული პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობა. რაც შეეხება ენერგეტიკას, აქ უნდა მოხდეს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

ნოდარ ხადურმა ასევე ისაუბრა განათლების ხარისხის ზრდაზე, საყოველთაო დაზღვევის გაფართოებასა და სოციალური პროექტების უზრუნველყოფაზე, რაც სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებასა და პენსიების ზრდას გულისხმობს.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოს 100 ქვეყანას შორისაც კი არ ვართ, რაც ძალიან სავალალო ფაქტია და მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა გრძელვადიანი პროექტების განხორციელება.

პროექტის განხილვას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები: ალექსანდრე თვალჭრელიძე, იური ანანიაშვილი, ემზარ ჯგერენაია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary