თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა" თემაზე - "სირიის კრიზისი რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში" დისკუსია გამართა.
გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მცირე მოხსენება წაიკითხა. მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდა დიპლომატებმა სწორი შეკითხვები დასვეს. "ახალგაზრდა დიპლომატებმა გამოიჩინეს დიდი დაინტერესება. დასვეს ძალიან სწორი შეკითხვები, მინდოდა, მათ კონტრასტული შეკითხვები დაესვათ და თავისი აზრი გამოეთქვათ, ეს ზოგიერთმა მათგანმა შეძლო კიდეც. მიმაჩნია, რომ საჭიროა ბევრი შეკითხვა, დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება იმისათვის, რომ დიპლომატია გაიზარდოს. მე ყოველთვის მზად ვარ, ვითანამშრომლო ახალგაზრდებთან" - განაცხადა რევაზ გაჩეჩილაძემ.
თსუ-ს მაგისტრანტისა და "ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნატალია დავლიანიძის თქმით, ახალგაზრდა დიპლომატები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ხშირად მართავენ. "აქტუალური საკითხების წამოჭრის პარალელურად, შესაბამის ღონისძიებებსაც ვგეგმავთ. ამ ტიპის ღონისძიებები ჩვენი კლუბის ფორმატში შედის და საკმაოდ ხშირად იმართება. დღევანდელი ღონისძიება სირიაში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო. ბატონმა რევაზმა შეაფასა სირიის თემა, ბირთვული იარაღის საკითხი, საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ჩვენს ღონისძიებებში, ძირითადად, სტუდენტები არიან ჩართულები, გვაქვს ღონისძიებები, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებიც იღებენ მონაწილეობას" - აღნიშნა ნატალიამ.
როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი ბექა მანაგაძე ამბობს, მსგავსი შეხვედრები მომავალ დიპლომატებს პროფესიულ ზრდაში დაეხმარება. "ზოგადად, განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია, ასევე, ის შესაძლო მოვლენები, რაც შეიძლება მოხდეს სირიასთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის პრევენციული ნაბიჯები, რაც მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა განახორციელოს ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის. ეს რეგიონი ყოველთვის იყო აქტუალური და განსაკუთრებით დღეს. მოხარულები ვართ, რომ ეს კონფლიქტი ნელ-ნელა მიდის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ, რაც, ზოგადად, ჩვენი რეგიონისთვისაც და მსოფლიოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონი რევაზისგან საინტერესო დიპლომატიური სწავლებები მოვისმინეთ. თუ კიდევ უფრო ხშირად გაიმართება ასეთი შეხვედრები, ჩვენ დიდ გამოცდილებას მივიღებთ და მომავალში, იმედია, ამ განათლებით, გამოცდილებითა და ცოდნით ჩვენც ჩავერთვებით პოლიტიკაში" - გვითხრა ბექა მანაგაძემ.
"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" უახლოესი ღონისძიება "გაეროს უშიშროების საბჭოს სიმულაცია" იქნება.