ახალი სასწავლო წელი ახალ რექტორთან ერთად და საპროტესტო აქცია
16 სექტემბერი, 2013
ახალი სასწავლო წელი ახალ რექტორთან ერთად და საპროტესტო აქცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. ამასთანავე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულის მქონე პირველკურსელები "მაგთიკომისგან" დაჯილდოვდნენ. ეს ყოველივე კი სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში არაერთი პრობლემის არსებობას აპროტესტებდა - ელექტრონული ბაზების მოუწესრიგებლობას, სწავლების დაბალ ხარისხს, სწავლის მაღალ გადასახადს, ლიტერატურის არარსებობას და ა. შ. 

"უნივერსიტეტის ბაზა გაუმართავია და ყოველი სემესტრის დაწყებისას საგნების არჩევისას პრობლემები გვექმნება, ვერ ვახერხებთ, ავირჩიოთ ის საგანი, რომელიც გვჭირდება. გარდა ამისა, დიდ პრობლემას წარმოადგენს ლიტერატურის ქართულ ენაზე არქონა, რადგან არიან სტუდენტები, რომლებმაც არ იციან უცხო ენა, შედეგად კი, ისინი ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას" - განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა მარიამ მაღრაძემ. 

რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მზაობა გამოთქვა სტუდენტებთან საუბრისთვის და მოგვიანებით იგი აქციის მონაწილეების იმ ნაწილს შეხვდა, რომელმაც უნივერსიტეტში არსებული პრობლემები გააპროტესტა. 3-საათიანი შეხვედრის დროს სტუდენტებმა უფრო დაწვრილებით და დეტალურად ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე. ყველაზე მწვავე პრობლემას მათთვის წარმოადგენს ბაზების გაუმართაობა, ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის არარსებობა, კვლევით საქმიანობაში დაბალი ჩართულობა და ფინანსების უქონლობა. შეხვედრის შედეგად სტუდენტებს კითხვებზე გაეცათ პასუხები და რექტორისგან მიიღეს დაპირება, რომ ყოველ 2 თვეში მოეწყობა მსგავსი შეხვედრები მათ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და რექტორს შორის, სადაც ისაუბრებენ და იმსჯელებენ უნივერსიტეტის პრობლემებზე. "ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს სტუდენტებს, უნდა მოგვარდეს. არის საკითხები, რომლებიც შეიძლება, ძალიან სწრაფად მოგვარდეს და არის საკითხები, რომლებსაც ჭირდება გარკვეული დრო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი შეხვედრები გაიმართოს პერიოდულად, სავარაუდოდ, შემდეგი შეხვედრა გვექნება 2 თვის თავზე, 16 ნოემბერს, თუმცა, არ არის გამორიცხული, უფრო ადრეც შევხვდეთ, გამომდინარე იქიდან, თუ სტუდენტებს ექნებათ ამის მოთხოვნა. ოპერატიულად გადაწყდება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც არის დაკავშირებული ბაზებთან, სხვადასხვა სასწავლო კურსთან" - განაცხადა თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ. 

"ამ შეხვედრის დროს პრობლემის გადაჭრის უფრო კონკრეტული გზების შემოთავაზებას ველოდებოდი და არა ზედაპირულ პასუხებს, იმედი მაქვს, უკეთ გაერკვევა ახალი რექტორი ყველა წვრილმანში და პრობლემების ნახევარი მაინც მოგვარდება" - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა ანა იჩქიტიძემ. 

"მგონია, რომ ბატონ ლადოს ესმის პრობლემების, კარგი იყო უკვე ის, რომ შეგვხვდა და გამოთქვა სურვილი შემდეგაც 2 თვეში ერთხელ შეხვდეს სტუდენტებს სასაუბროდ, იმედია, პრობლემების მოგვარების მხრივ ცვლილებები იქნება" - გვითხრა მაია ბლიაძემ. სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთი შეხვედრები შედეგს გამოიღებს და არსებული პრობლემების ნაწილი მაინც მოგვარდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary