ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2013" დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
უნივერსიტეტისა და კომპანია "ჯეოსელის" წარმომადგენლებმა სტუდენტური კონკურსის პირობებსა და საიუბილეო წლის სიახლეებზე ისაუბრეს.
"წელს ჩვენ იუბილე გვაქვს. კონკურსი მასშტაბური იქნება. მონაწილეობის მიღება ნებისმიერი უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეუძლია. საჭიროა, გამოაგზავნოს პროზაული ნაწარმოები, გადავიდეს მეორე ტურში და მიიღოს იმპროვიზებულ ტურში მონაწილეობა" - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა ნინო კალანდიამ.
საიუბილეო წელს კონკურსის მასშტაბიც გაიზრდება. სიურპრიზების შესახებ ფინალისტებისთვის ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. ხუთი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებების ერთიანი ბროშურა ყველა მსურველს საჩუქრად გადაეცემა.
წელს კონკურსში სიახლეა. მონაწილეობის მიღება არა მარტო სტუდენტებს, არამედ ყველა მსურველს შეეძლება. მათთვის "ჯეოსელი" ცალკე პრიზებს დააწესებს.
"წელს გადავწყვიტეთ, ერთგვარი ვირტუალური თანამონაწილე შემოგვეყვანა ამ პროექტში. ვისაც საშუალება აქვს, წეროს ქართულად, შეუძლია, შემოუერთდეს კონკურსს და ონლაინ რეჟიმში გახდეს ლიტერატურული კონკურსის თანამონაწილე" - აღნიშნა "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა თაკო როდონაიამ.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ტურში მსურველებმა 6 ოქტომბრის ჩათვლით კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გააგზავნონ პროზაული ნაშრომი არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა, ჟანრი და თემა შეუზღუდავია. ამასთან, კონკურსანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტაც, რომელიც უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული (www.tsu.edu.ge).
უნივერსიტეტის შიდაშესარჩევი ჟიური 10 საუკეთესო ავტორს გამოავლენს, რომლებიც იმპროვიზებულ ტურში გადაინაცვლებენ. კონკურსის ფინალი წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ფინალისტები ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე რვა საათის განმავლობაში ახალ ნაწარმოებებს შექმნიან. ჟიურის წევრები სამ გამარჯვებულს გამოავლენენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი - 700 და 500 ლარი გადაეცემათ.
"შემოდგომის ლეგენდა" წელს მეხუთედ ჩატარდება.