"იტალია და იტალიელი ხალხი კვლავ განაგრძობს ინვესტირებას საქართველოში. ჩვენ ვართ ევროპელები, ქართველ და იტალიელ ხალხს ძალიან ბევრი აქვს საერთო, განსაკუთრებით ისტორიულად" - განაცხადა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფედერიკა ფავიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე.
ფედერიკა ფავიმ მიმოიხილა ორი ქვეყნის თანამშრომლობა ისტორიულ ჭრილში. მან ისაუბრა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა საკითხებზე. ასევე ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე.
ლექციის დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში ფედერიკა ფავიმ სტუდენტებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ მთავარი მონდომება და მზადყოფნაა: "შენ უნდა თქვა, რომ შეგიძლია, რომ გინდა და შენ აუცილებლად შეძლებ ამას".
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართა. ლექციების მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს, გაიღრმაონ საკუთარი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის სფეროში.