თსუ-ში კავკასიოლოგიის სასწავლო სამეცნიერო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყო
19 სექტემბერი, 2013
თსუ-ში კავკასიოლოგიის სასწავლო სამეცნიერო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესურამ ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია მოაწყო.

კავკასიოლოგიის შესწავლისა და კვლევის სფეროს წარმოადგენს: იბერიულ-კავკასიური ენები, კავკასიის სხვა ენები, კავკასიის ხალხთა ისტორია, კულტურა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ლიტერატურა და ფოლკლორი. თავდაპირველად ორი კათედრა იყო: კავკასიურ ენათა კათედრა და კავკასიის ხალხთა კათედრა. 2006 წლიდან კი ეს ორი კათედრა გაერთიანდა. სრული პროფესორი და კავკასიოლოგიის დირექტორი ცირა ბარამიძე მიიჩნევს, რომ ამ ორი კათედრის გაერთიანებით ახალი ნახტომი გაკეთდა კავკასიოლოგიაში: „შეიცვალა კლასიფიკაცია და ახლა ჩვენ ვასწავლით ყველაფერს, რაც კავკასიოლოგს სჭირდება. აქ არის კავკასიის ხალხთა ისტორია, ფოლკლორი, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ფიზიკური ანთროპოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია".

ევროპის სასწავლებლების მსგავსად, სწავლების სამივე საფეხურისთვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სწავლების ახალი პროგრამები შეიქმნა. აღდგა რუსული პროგრამები. კავკასიოლოგიის დირექტორის თქმით, ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა რუსული სექტორის აღდგენის მოთხოვნას. „დღეს განსხვავებულ პოლიტიკურ სივრცეში ვართ და ამიტომ იყო ძნელი აღდგენა რუსული პროგრამისა. 2006 წელს მოვედი, როგორც ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე, გავაერთიანე ორი კათედრა, შევქმენი ინტერდისციპლინური პროგრამები, შევქმენი ახალი პროგრამები და აღვადგინე რუსული სექტორი. ეს იყო 2008 წელს, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ხშირად მეუბნებოდნენ რა საჭიროა ეს? ვის სჭირდება ეს?  ჩვენ წარმატებით გადავლახეთ წინააღმდეგობა“ - აღნიშნა ცირა ბარამიძემ.

რუსული სექტორის პირველი ჯგუფი 2008 წელს შედგა. ეს იყო ჩეჩნების, დაღესტნელების და ჩერქეზების გაერთიანება. ისინი დააფინანსა კავკასიის ფონდმა. „მათ ძალიან კარგად აუღეს ალღო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს, ქართულიც კარგად ისწავლეს. ესენი დააფინანსა კავკასიის ფონდმა, პრეზიდენტი უწყობდა ამ პროგრამას ხელს. მინდა აღვნიშნო გია ხუბუას დიდი მხარდაჭერა. 2007 წლის 10-11 ივნისს გვქონდა ამ პროგრამის პრეზენტაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში“. 

იანვრისთვის გაიხსნება ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება ევროპელი სტუდენტებისთვის. ოქტომბერში იგეგმება რიგით მესამე კავკასიოლოგთა კონგრესი. 

მიუხედავად წარმატებული პროგრამებისა, კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს შენობის პრობლემა აქვს. რემონტის შემდეგ კავკასიოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი შენობის გარეშე დარჩა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary