ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველკურსელთა კონცერტი გაიმართა.
სტუდენტებს კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე მიესალმა.
სასწავლო წელი ახალი ცვლილებებით დაიწყო. გამოიყო სამი მნიშვნელოვანი ფაკულტეტი. როგორც რეზო კიკნაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ახალ პროგრამას ჰქვია მუსიკა და დღევანდელობა, რომელიც მოიცავს სამ კონცენტრაციას: "სამივე მუსიკის განუყოფელი ნაწილია: მუსიკის ჟურნალისტიკა, მუსიკის მენეჯმენტი, მუსიკის ტექნოლოგია. ეს უკანასკნელი არის ის, რაც საქართველოს ძალიან აკლია, უფრო სწორედ, საქართველოს აკლია ხელობის მცოდნე, ხელობას დაუფლებული პროფესიონალი, რომელიც თბილისის კულტურულ კერებს იმ თვალსაზრისით მაინც უზრუნველყოფს, რომ პერმანენტული დისკომფორტი არ იყოს, როცა ოთახის გახმოვანებაზე მიგვივა საქმე. რაც შეეხება მუსიკის ჟურნალისტიკას, ბევრი ლაპარაკი არ ღირს იმიტომ, რომ მუსიკის ჟურნალისტიკა არის მუსიკის კრიტიკოსობა, რის წინაშეც რიდით და ხანდახან შიშით და ძრწოლვით არიან ხელოვანები, თუ ის არ არის, ე.ი იმ ქვეყანაში ხელოვნება მიდის ყოვლად ველური სპონტანურობით".
რეზო კიკნაძის თქმით, ჯაზის პროფესიული სწავლა დიდი ხანია შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა უკვე ბაკალავრიატის დონეზე ისწავლიან ახალგაზრდა ჯაზმენები. ამ პროგრამის ხელმძღვანელები იქნებიან: ნანა შარიქაძე, მარინა ქავთარაძე და რეზო კიკნაძე.
კონსერვატორიის რექტორის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე შენდება შუშის პატარა შენობა, სადაც ნამდვილი ჯაზკლუბი გაიხსნება.