ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ბიზანტინოლოგია საქართველოში" გაიხსნა.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები დაესწრნენ.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვხატო კმაყოფილება, რომ ვიმყოფები მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "ბიზანტინოლოგია საქართველოში" გახსნაზე. აღფრთოვანებული ვარ ბიზანტიოლოგების მუშაობით და მადლობას ვუხდი კონფერენციის ორგანიზატორებს. საქართველოსა და საბერძნეთს შორის ერთ-ერთი და ძირითადი კავშირი სწორედ ბიზანტიაა"- აღნიშნა ელეფთერიოს პროიოსიმ მისალმებისას.
25-26 სექტემბერს კონფერენცია მუშაობას განაგრძობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის დასასრულს, 27-30 სექტემბერს კი დაგეგმილია ექსკურსია კაბადოკიაში.
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირი, თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.