დღეს სტუდენტთა მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა მოეწყო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად.
მსვლელობა სააკაძის მოედნიდან დაიწყო და გმირთა მოედანზე დასრულდა ,,საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან".
სტუდენტებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მსვლელობაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, მათ გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს. სასულიერო პირების განცხადებით, ახალგაზრდები ვალდებულნი არიან, დააფასონ გარდაცვლილთა ღვაწლი. ისინი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირნენ და თითოეული ჩვენგანი მოვალეა, პატივი მიაგოს მათ სულებს.
მსვლელობაში მონაწილე ახალგაზრდების განმარტებით, ეს არის აქცია, რომლითაც ისინი გამოხატავენ დიდ ტკივილს და ამასთანავე განსაკუთრებულ პატივისცემას ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლი გმირებისადმი.
როგორც აფხაზეთის ომის მონაწილემ გულდან შელიამ განაცხადა: "დღევანდელი დღე სამგლოვიარო თარიღია მთელი საქართველოსთვის, დღეს დაეცა სოხუმი და ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ თითოეული იქ მებრძოლი გმირის სახელი მოვიგონოთ და დავაფასოთ მათი თავგანწირვა".
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ავთანდილ დავითაია მოხარულია, რომ სტუდენტები აქტიურობენ და მათ ახსოვთ მომხდარი ტრაგედია. ის იმედს გამოთქვამს, რომ ქართველები და აფხაზები ერთად დაიწყებენ ახალი სახელმწიფოს შენებას. ახალგაზრდების აქტიურობა კი სწორედ ამისი დასტურია.