„ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანმა ქართველი ჟურნალისტები გააერთიანა, დროებით სამუშაო ადგილები მიატოვებინა და ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებთან მიიყვანა.
28 სექტემბერს ჟურნალისტების ვიზიტმა ერთი დღით შეაჩერა რუსების ქმედება, რომელიც სოფელ დვანის საზღვრებში შემოჭრას ემსახურება.
„რუსეთი ოკუპანტია“, „მიწის ყოველი მეტრი დვანში = საქართველო!“, “I am from Georgia and my country is occupied by Russia! Russia is occupant!!!”, „არა მცოცავ ოკუპაციას!“ - ეს ის ტრანსფარანტებია, რომლითაც ჟურნალისტები შეიარაღდნენ და კიდევ ერთხელ დაგმეს საქართველოს ტერიტორიების ანექსია.
„მე პირადად, აქ ვარ არა მარტო, როგორც ჟურნალისტი, არამედ, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ჩემი ქვეყნის, რომელიც ხედავს, თუ როგორ თვალსა და ხელს შუა ხდება ჩვენი ქვეყნის ანექსია და მე ვაპროტესტებ ამ ყველაფერს!“- აცხადებს ინგა გრიგოლია.
საზღვართან მისულ ჟურნალიტებს ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი რობერტ გაზაევი დახვდათ. ჟურნალიტებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის დასრულების შემდეგ ისინი სოფელ დვანის მოსახლეობას შეხვდნენ და გაიარეს ის ტერიტორია, რომელიც რამდენიმე საათში მავრთულხლართებს მიღმა უნდა მოქცეულიყო.
დანგრეული სახლები, მიტოვებული ბაღები, უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა და, რაც ყველაზე მთავარია, რუსების მიერ დაწესებული ვადა - 11 საათამდე სახლების დაცლა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით იხილეს.
„ერთი ჟურნალისტების იმედიღა გვაქვს, შვილო. სხვა აღარავინ არის ჩვენზე ყურადღების მომქცევი... არავინ გვეხმარება...“
„არ გადამიღო გენაცვალე, რუსები ყველაფერს ნახულობენ მერე და არ მინდა გენაცვალე, ნუ გადამიღებ...“
„ეს სახლი ჩემი მამა-პაპისაა, სად უნდა წავიდე?! მესროლონ და ეგ იქნება, გაათავებენ ამით...“
„ყველაფერი წაიღეს შვილო, ერთი ტრაქტორი მქონდა, წაიღეს, ძროხები მყავდა ისინიც წაიყვანეს, აღარაფერი დაგვრჩა... აღარცა ვკვდები, რო დავისვენო...“
„ბავშვებო ნახეთ, გაზაევი საიდან გვიყურებს!..“