ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი და კოსტუმირებული მსვლელობა გაიმართა რუსთაველის გამზირზე.
მსვლელობაში მონაწილეობდნენ "შავფაროსნების", როგორც თბილისის, ასევე რეგიონების: გორის, ქუთაისისა და ბათუმის ჯგუფები. მათ წარმოადგინეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები სხვადასხვა საბრძოლო იარაღით. მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ: "ჩოხოსნები", ქართული ცეკვის ანსამბლი ,,მომავალი თაობა’’, კასპის მუნიციპალიტეტთან არსებული ვოკალური ანსამბლი ,,მოურავი’’ და ქალთა ვოკალური ანსამბლები. ფესტივალი რიყის პარკში დასრულდა, სადაც ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენები და სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მათ შორის, ძალის დემონსტრირება, შეჯიბრი ქალაქურ ჭიდაობაში. აღსანიშნავია, რომ მოხალისე მაყურებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ასპარეზობაში.
რიყის პარკში გამოფენილი იყო: ძველი ქართული საბრძოლო იარაღები, ხელნაკეთი ნივთები, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ფოტოები და ბიოგრაფიული მონაცემების ამსახველი კადრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის მუნდირი.
ფესტივალის დასასრულს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ზეიმი გაიმართა. როგორც შავფაროსნების მეგობარმა ქეთევან ალადაშვილმა განაცხადა, დღევანდელი ფესტივალი ემსახურება ქართული ტრადიციული წესების შენარჩუნებას.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის მარიამ ონეზაშვილის განმარტებით, 29 სექტემბერი ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული სამოსის ფესტივალია: „ფესტივალის მონაწილეების მიერ ქართული სამოსის დემონსტრირების მიზანია, ტრადიციული სამოსის პოპულარიზაცია. ჩვენი ინიციატივაა, რომ ეს იყოს ყოველწლიური ტრადიცია და წელიწადში ერთხელ აღინიშნოს, როგორც ეროვნული ზეიმი, რომელშიც საქართველოს თითოეული მცხოვრები მიიღებს მონაწილეობას“.
,,რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე? ეს არის ქართული გენია როკვით განფენილი. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე არის იმის დასტური, რომ ქართული სული ცოცხალია და სწორედ ამ შემართებით უნდა გაიზარდოს ახალი თაობა’’ - განაცხადა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა.
ქართული საბრძოლო ხელოვნების "შავფაროსნების" ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი ქოქოსაძის თქმით, ,,დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის გამართვა. დღეს პირველი პრეცედენტია ამის და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შევძელით. ჩვენ ვაპირებთ, რომ ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალად გადავაქციოთ დღევანდელი დღე. ახლანდელი წარმატება კი ამის საწინდარია’’.
როგორც "ჩოხოსანთა კავშირის" ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ გოგიჩაძემ გვითხრა: ,,დღევანდელი დღე ქართველი კაცის ღირსების, ვაჟკაცობის, რაინდობის ზეიმია. მინდა, ეს ჩვენმა მომავალმა თაობამ კარგად შეიმეცნოს და შეისისხლხორცოს. დღეს ნამდვილად საოცრად მხიარული განწყობა სუფევს აქ მოსულ საზოგადოებაში’’.
,,ფესტივალი ძალიან საინტერესოა იმით, რომ გვაჩვენებს ქართული საბრძოლო ხელოვნების მრავალფეროვნებასა და ნამდვილ ვაჟკაცურ სულისკვეთებას’’ - აღნიშნა შავფაროსანთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თევდორე ბერიაშვილმა.