ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში სამდღიანი ლექცია-სემინარის კურსი გაიხსნა.
საზღვარგარეთიდან მიწვეულმა პროფესორმა უსინათლო და მცირემხედველთა პირების პრობლემებსა და ამის შესახებ ჩასატარებელი კვლევის მეთოდებზე ისაუბრა.
პოლონელი კულტუროლოგი, ცნობილი ესეისტი და კრიტიკოსი ვოიჩეხ იუზეფ ბურშტა ასეთ კურსს წელს მეორედ ატარებს საქართველოში. ,,ლექციებს ვატარებთ სწორედ იმიტომ, რომ გამოვავლინოთ ამასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი მიზანია, გავიგოთ უსინათლოების სტატუსი საზოგადოებაში, მათი რაოდენობა საქართველოში და ცხოვრების წესი. შესაბამისად, მათი რეალური რაობის გასაგებად ჩვენ ვგეგმავთ ეთნოგრაფიულ კვლევას“ - გვითხრა პროფესორმა.
მან მაგალითად იტალიურ სკოლაში ჩატარებული კვლევა მოიყვანა. 10 თვის განმავლობაში სპეციალისტები აკვირდებოდნენ კლასს, სადაც ერთ-ერთი მოსწავლე უსინათლო გოგონა იყო. აქედან გამომდინარე, მკვლევარებმა დასკვნა გამოიტანეს: საჭიროა, პირობების გაუმჯობესება სკოლებში; უნდა დამუშავდეს კოლექტივთან შეგუების საკითხები; სპეციალურად გამომუშავდეს სკოლის პროგრამა, რათა უსინათლო ბავშვებმა შედარებით ადვილად აითვისონ სკოლის მასალა.
ლექცია-სემინარი 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ დღეების განმავლობაში დამუშავდება უსინათლო და მცირემხედველ პირებისათვის ჩასატარებელი კვლევა. პროფესორ ვოიჩეხ იუზეფ ბურშტასთან თანამშრომლობს ორგანიზაცია ,,მარიანი".