ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა, სადაც საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების საკითხები განიხილეს.
უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ,,ხშირად სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, რა მიმართულებით სურთ განათლების მიღება, რა პროფესია აითვისონ? ამიტომ, ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ სკოლებს. შემდგომში, როდესაც მოსწავლე სტუდენტი გახდება, მას ეცოდინება, რას ელოდოს, შესაბამისად, უფრო მომთხოვნი იქნება პროფესორებთან“.
კონფერენციის ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. მისი თქმით, საგანმანათლებლო პროგრამაში აქტიური რეფორმები იწყება, განსაკუთრებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში: „კვლევის შედეგად დადგენილია, რომ უკვე პირველ კურსზე სტუდენტი ხვდება, რომ არასწორად აქვს არჩეული პროფესია. ეს პროექტი დაგვეხმარება კვალიფიციური კადრების მომზადებასა და შრომის ბაზარზე მათი ცოდნის სრულყოფილ გამოყენებაში“.
თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობასა და ახალ პროექტებზე ისაუბრა მისმა კოორდინატორმა მარინა ლომოურმა. ,,საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვატარებდით შეხვედრებსა და კონფერენციებს მოსწავლეებთან. ჩვენი მიზანია, ავაგოთ ხიდი სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის, რომ მოსწავლე ყველანაირად იყოს მომზადებული სტუდენტური ცხოვრებისათვის და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს პროფესიის არჩევაში“.