90-იანები ART-ში
04 ოქტომბერი, 2013
90-იანები ART-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ხელოვანების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველო“ - ამ სახელწოდებით გახსნა დღეს გამოფენა ხელოვანთა და კურატორთა კავშირმა.
გამოფენის ერთ-ერთი კურატორის, მარიამ წიქარიძის თქმით, იდეა მსგავსი ღონისძიების ჩატარებისა დიდი ხანია არსებობს. „იდეის გაჩენიდან რამდენიმე ხანში, შეიკრიბა მხატვართა ჯგუფი და დაიწყო იდეის განხორციელების კონკრეტული გეგმის შემუშავება. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჩვენ, მე და მარიამ ლორიას, შემოგვთავაზეს კურატორობა, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანმხდით, რადგან ეს წლები ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გავიაზროთ ის პერიოდი და აღარასოდეს დავუშვათ იგივე“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 21 ხელოვანის სხვადასხვა სახის ნამუშევარი: ფერწერა, ფოტო და ვიდეოპროდუქცია, ასევე ვიზუალური ხასიათის ნაკეთობანი.

თამარ მაღლაფერიძე გამოფენის იმ ავტორთაგანია, რომელიც 90-იანი წლების თაობას მიეკუთვნება. მან დამთვალიერებელს ვიდეოპროდუქცია „სივრცე“ წარუდგინა: „90-იანი წლების ყოფითი პრობლემები თავისი სირთულეებით, მეტ-ნაკლებად, ყველას შეეხეო, მათ შორის მეც. მიჭირს იმ პერიოდის ობიექტურად შეფასება, რადგან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი“.

გამოფენაზე მოსულთა უმრავლესობას გავლილი ჰქონდა 90-იანი წლები, მათ შორის მარიამ თოფურიძესაც, რომლისთვისაც აღნიშნული პერიოდი ჩაკეტილ სივრცესა და გაყინულ მდგომარეობასთან ასოცირდება. „მახსენდება ის პერიოდი, როცა უშუქოდ ვისხედით სახლში, როცა ტელევიზორს ჯგუფურად მეზობლებთან ერთად ვუყურებდით. მართალია, ემოციები არ არის დადებითი, თუმცა, საერთო ჯამში, ვფიქრობ, კარგია, გავიხსენოთ საიდან სად მოვედით“.

ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. ექსპოზიცია, დასრულების შემდეგ, დამთვალიერებლებს უკვე თელავში ელის.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary