სტუდენტური აქცია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
04 ოქტომბერი, 2013
სტუდენტური აქცია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გაიმართა სტუდენტური აქცია ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. სტუდენტების ძირითადი მოთხოვნები იყო ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერება.
„დღეს ჩვენ, სტუდენტები, გამოვედით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ სვანეთის მკვიდრ მოსახლეობას, რომელთა დასახლებებიც შესაძლოა აღმოჩნდეს წყლის ქვეშ. იმისათვის, რომ არ აშენდეს ხუდონჰესი, აუცილებელი არის საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ყველა სტუდენტი გამოვიდეთ და გვერდით დავუდგეთ სვანეთის მოსახლეობას. ერთი წლის წინ ჩვენ ავირჩიეთ მთავრობა, რომელიც წინააღმდეგი იყო დიდი ჰესების მშენებლობისა“ - აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიორგი სოფრომაძემ.

აქციის მონაწილეები საუბრობენ იმ მიზეზებზე, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგებიან ხუდონჰესის მშენებლობას. „ხდება 184 ოჯახის გასახლება, 500 ჰექტარი მიწის დატბორვა, ეკოსისტემების განადგურება, წითელ ნუსხაში შეტანილი ხეებისა და ცხოველების განადგურება. ჩემთვის ეს არის ერთ–ერთი დიდი წინააღმდეგობა. რაც მთავარია, ყოველივე ეს ხორციელდება გარკვეული ეკონომიკური ეფექტის ხარჯზე. ეს ეკონომიკური ეფექტი, ანუ მთელი მოგება, გამომუშავებული ელექტროენერგიის 91% რჩება ხუდონჰესის მშენებელ კომპანიას „ტრანსელექტრიკას“. საქართველოში რჩება მხოლოდ 9% გამომუშავებული ელექტროენერგიისა, რაც ვფიქრობ, რომ არის ძალიან ცოტა“.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადამიანზე უნდა იყოს მორგებული სახელმწიფო და არა პირიქით. სამწუხაროდ, დღეს ეს არის პირიქით. პირველ რიგში, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის 37–ე მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ჯანმრთელ გარემოში“–აღნიშნა აქციის მონაწილემ ნიკოლოზ წიქარიძემ.

სტუდენტებმა ამავე აქციაზე მოუწოდეს საზოგადოებას, რომ შეუერთდნენ ხვალინდელ აქციას ხუდონჰესის წინააღმდეგ, რომელიც გაიმართება პარლამენტის ყოფილი შენობის უკანა შესასვლელთან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary