საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ფრანგი
08 ოქტომბერი, 2013
საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ფრანგი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წიგნის „ფამადიჰანა“ პრეზენტაციას უმასპინძლა.

წიგნის ავტორი მარი ელენ (ჩიტო) რუხაძე მამით ქართველი და დედით ფრანგია. ის ნიცაში დაიბადა და ჰუმანიტარული განათლება სორბონაში მიიღო. მარი ელენი თავს ქართველად არ მიიჩნევს და ამის მიზეზად, უპირველესად, ენის არცოდნას ასახელებს. თუმცა, როგორც პრეზენტაციაზე დამსწრეთა უმრავლესობამ აღნიშნა, „ის ნამდვილად არის ფრანგი, რომელსაც უზომოდ უყვარს საქართველო“.

წიგნი წარმოადგენს ავტორის შთაბეჭდილებებს მადაგასკარის რეალობისა და ტრადიციათა დაპირისპირების შესახებ. 

ეთნოლოგმა ლია მელიქიშვილმა რომანზე საუბრისას გამოკვეთა ის მთავარი ასპექტები, რომლებმაც ის, ერთი მხრივ, როგორც უბრალო მკითხველი და, მეორე მხრივ, როგორც ეთნოლოგი, დააინტერესა: “წიგნში იგრძნობა ძველი ტრადიციებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, იმის გამოაშკარავება, რა უნდა მივიღოთ და რას უნდა ვუერთგულოთ. წიგნი ძალიან ახლოსაა ქართულ რეალობასთან, რადგან ჩვენთვის ნაცნობია დასავლური ღირებულებებისა და ადგილობრივი ტრადიციების დაპირისპირება“.

ავტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „ძალიან ნასიამოვნები და მადლობელი ვარ შეფასებებით. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღის ასე წარმატებით ჩატარებაში მამაჩემის სულსაც დიდი წვლილი მიუძღვის. ის დიდი პატრიოტი იყო თავისი ქვეყნის. მას ენატრებოდა სამშობლო და მეც ასეთი სულისკვეთებით ვიზრდებოდი. ყოველთვის, როცა ვინმეზე ნაწყენი ვიყავი, ვამბობდი, საქართველოში წავალ-მეთქი“.

კითხვაზე - უახლოეს მომავალში აპირებს თუ არა რაიმეს დაწერას საქართველოზე, მან გვიპასუხა: „უამრავი ჩანაწერი მაქვს და როდესაც თქვენგან ამდენ სითბოს ვიღებ, მგონია, ხვალვე დავჯდები და წერას დავიწყებ. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ საქართველო არის ის ადგილი, რომელიც შინაგან სულიერებას მმატებს და საკუთარი ძალით მკვებავს“.

პრეზენტაციის დასასრულს სტუმართა უმრავლესობამ ერთხმად აღნიშნა, რომ „ეს საღამო იყო არა მარტო წიგნის პრეზენტაცია, არამედ ყველა იმ ქართველი ემიგრანტის გახსენება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს“.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary