გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება
11 ოქტომბერი, 2013
გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს მასშტაბით გამოსაშვები გამოცდები 12 ოქტომბრიდან დაიწყება.
წელს აღნიშნული გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. ოქტომბრის პირველ ნახევარში მე-12 კლასელები გამოცდებს 4 საგანში ჩააბარებენ: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოქტომბერში რომელიმე გამოცდაზე ზღვარს ვერ გადალახავენ, ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, შეეძლებათ, შესაბამისი საგანი წლის ბოლოს ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად და არ დაკარგონ სასწავლო წელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ყველა რაიონის 1600-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიის დავალებაზე მუშაობას 9 საათზე დაიწყებენ. საგამოცდო პროცესში კი 2000-ზე მეტი მეთვალყურე ჩაერთვება.
მოსწავლემ გამოცდაზე უნდა იქონიოს მხოლოდ საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობა და კალამი. მას უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი ჰიგიენის ნივთები (მაგ. ცხვირსახოცი) და წყალი პლასტმასის ბოთლით.

ცვლილების თანახმად, 2013-2014 სასწავლო წლიდან გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში გაიმართება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს ჩააბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს. წელს, გამონაკლისის სახით მე-11 კლასელებს გამოცდები შემოდგომაზე ექნებათ, მომავალი წლიდან ისინი გამოცდას ჩააბარებენ მაშინ, როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმით დაამთავრებენ კონკრეტული საგნების სწავლას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ახალი სქემა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, გამოსაშვები გამოცდების ორ ნაწილად ჩატარების სქემას გასულ წლებში არსებულ სისტემასთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს: „ბოლო სამი წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში გამოსაშვები გამოცდები ტარდება. ამ სამი წლის მანძილზე აბიტურიენტები სხვადასხვა პრობლემის გამო ჩივიან და, ალბათ, სამართლიანადაც, რადგან მათ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა აქვთ გამოცდების ჩასაბარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კარგავენ შესაძლებლობას, აიღონ ატესტატი და ერთი წლის დაგვიანებით კვლავ უწევთ გამოცდების ჩაბარება. გარდა ამისა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის სწავლება მეთერთმეტე კლასში მთავრდება და მოსწავლეები ჩივიან, რომ ავიწყდებათ, ან ნაკლებად ახსოვთ ის თარიღები თუ ფორმულები, რომლებიც მათ წინა წელს ისწავლეს. ამ პრობლემებს, ერთს - ნაწილობრივ, მეორეს კი უკეთ წყვეტს და აგვარებს ჩვენ მიერ შემოღებული ახალი სისტემა, რომელიც გამოსაშვები გამოცდების ორ ეტაპად ჩაბარებას გულისხმობს. გარდა ამისა, ჩაჭრილ სტუდენტებს სკოლა უზრუნველყოფს აბიტურის საათებით, ამიტომ ეს სისტემა უფრო მოქნილი მგონია“.

წელს გამოსაშვები გამოცდები ცენტრალიზებულად, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებით (CAT) ჩატარდება.

გამოსაშვები გამოცდების ორ ნაწილად ჩატარებას მიესალმებიან და დადებითად აფასებენ მასწავლებლები. „სავსებით გამართლებულად მიმაჩნია გამოსაშვები გამოცდების ასეთი პრინციპით ჩატარება. ასე აბიტურიენტებს ეძლევათ საშუალება, საფუძვლიანად მოემზადნონ ამ ოთხ საგანში. შესაბამისად, საკმაოდ ბევრი დრო რჩებათ შემდეგი ოთხი საგნისათვის. წელს უპირატესობა მეთერთმეტე კლასელებს ენიჭებათ, რადგან მათ შეუძლიათ, წინასწარ ჩააბარონ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდები. მომავალ წელს კი უკეთ მოემზადნონ დანარჩენი ოთხი გამოცდისთვის. გამოცდების მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და წინა წლებთან შედარებით უკეთეს შედეგებს ველით, რადგან მოსწავლეებს ჰქონდათ დრო და რამდენადაც ვიცი, მათი უმრავლესობა ზაფხულიდან ემზადება გამოსაშვები გამოცდებისთვის. მოსწავლეებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი იმეცადინონ და მაქსიმალურად გამოიყენონ ის დრო, რაც გამოცდებამდე დარჩა“ - განაცხადა 51 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ნანა გიორგობიანმა.

გამოსაშვები გამოცდების ორ ნაწილად ჩაბარებას დადებითად აფასებენ მოსწავლეებიც და მიაჩნიათ, რომ გასულ წლებთან შედარებით ეს ყველაზე მისაღები მეთოდია: „გასულ წლებთან შედარებით ეს ყველაზე უკეთესი და მისაღები მეთოდია, ასე უფრო გვიადვილდება ჩაბარება და დროც მეტი გვრჩება მოსამზადებლად“ - აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას 51-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე მეორე კლასის მოსწავლეებმა.

ივა მინდაძეს უჭირს შედეგის პროგნოზირება. თუმცა, იმედოვნებს, რომ წელს გასულ წლებთან შედარებით უკეთესი იქნება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary