სტუდენტური დემონსტრაცია ხუდონჰესის წინააღმდეგ
15 ოქტომბერი, 2013
 სტუდენტური დემონსტრაცია ხუდონჰესის წინააღმდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდნენ სტუდენტები ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

ისინი მოუწოდებდნენ საზოგადოებასა და ახალგაზრდებს უფრო მეტი სოლიდარობისკენ, რათა გადაარჩინონ სვანეთისა და მთლიანად საქართველოს ეკოსისტემა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ეწინააღმდეგებიან რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას გიგანტური ჰესების მშენებლობას. სტუდენტებმა ვრცლად ისაუბრეს იმ უარყოფით შედეგებზე, რაც ხუდონჰესის მშენებლობას მოჰყვება.


„ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 91% გავა საზღვარგარეთ და 9% დაგვრჩება ჩვენ და ისიც უნდა შევიძინოთ 5,91 ცენტად. შედეგად კი, დაიტბორება 500 ჰექტარი მიწა, 1500 ჰექტარზე განხორციელდება საპროექტო სამუშაოები. 184 ოჯახი ოფიციალურად გახდება იძულებული, დატოვოს თავისი სამოსახლო. სვანეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშეც დადგება. 1990–იან წლებში თუ 25 000 მოსახლე იყო, დღესდღეობით 11 900 მოსახლეა. 2000 ადამიანის გადასახლება კი გამოიწვევს დემოგრაფიულ კატასტროფას რეგიონში. არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ 50 წლის შემდეგ ჰესს გაუვა ექსპლუატაციის ვადა და ჩვენ დაგვრჩება გამოფიტული და ნაკლებად გამოყენებადი ბუნება“ – აღნიშნა აქციის მონაწილე ლევან ლორთქიფანიძემ.


სტუდენტთა ნაწილი კი ხელისუფლებისგან მოითხოვს, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და შეაჩეროს ხუდონჰესის მშენებლობა. „საქართველოს მოსახლეობა უკვე შეეჩვია, რომ მათ მოატყუებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ. გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, რომ ისინი არ დაუშვებდნენ სეისმურად აქტიურ რეგიონში გიგანტური ჰესების მშენებლობას
“ – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი სოფრომაძემ.


აქციის მონაწილეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ სწორედ მოქალაქეები წარმოადგენენ სახელმწიფოს და რომ ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს. „დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის სრულ იგნორირებას
და კერძო ინვესტორის ინტერესებზე მორგებას. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი აზრი გაითვალისწინონ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ვუთხრა „არა“ ხუდონჰესს“ – აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ თამარ გაჩეჩილაძემ.


აქციის ბოლოს მონაწილეები კინოს სახლისკენ დაიძრნენ, სადაც იგეგმებოდა შეხვედრა ხუდონჰესის მშენებლობის დადებითი და უარყოფითი შედეგების განსახილველად.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary