დღეს სამხატვრო აკადემიაში ლადო ბეროზას სემინარი გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიური გააზრების მიზნით.
ლადო ბეროზამ განაცხადა, რომ ის თავის გამოცდილებას გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მხატვრებს გაუღრმავდეთ ცოდნა, გაეცნონ ევროპულ სახელოვნებო სასწავლებლებში თავისუფალი სახელოსნოების მუშაობას, თუ როგორ იქმნება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევარი.
სამუშაო პროცესი შედგება აქტიური და პასიური ეტაპებისგან. აქტიური თვე, როცა ლადო ბეროზა სტუდენტებს ხვდება სახელოსნოში და ერთად მუშაობენ, ხოლო პასიური - ყოველი მეორე თვე, როცა ლადო ბეროზას მიერ მიცემულ დავალებაზე ფიქრობენ, დამოუკიდებლად მუშაობენ და საჭიროების შემთხვევაში ხვდებიან პედაგოგს ან მის ასისტენტებს.
"მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ამ წამოწყებაში, რადგან ვფიქრობ, ეს იქნება ჩემი პროფესიული ზრდისთვის ძალიან კარგი. რაც მთავარია, ბატონი ლადო ბეროზა არის ადამიანი, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება" - განაცხადა სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა.
პროექტი ლადო ბეროზასა და პოტენციური მონაწილეების გასაუბრებით დაიწყება. სტუდენტებთან ურთიერთობა იქნება, როგორც ჯგუფური ხასიათის, ასევე ინდივიდუალურიც.
"საინტერესო სემინარი იყო. ბევრი რამ გავიგე, ისღა დამრჩენია, დაველოდო ლადო ბეროზასთან მუშაობას" - აღნიშნა ერთ-ერთმა დამსწრემ ნინო გრძელიშვილმა.
პერიოდულად ლადო ბეროზა და ჯგუფი უმასპინძლებენ სხვადასხვა არტისტსა და თეორეტიკოსს, მათ შორის, სამხატვრო აკადემიის პედაგოგებს. პროექტი დასრულდება დასკვნითი გამოფენით. პროექტი 11 თვეს გაგრძელდება და ამ ხნის მანძილზე შესაძლოა, პატარ-პატარა გამოფენები და აქციებიც გაიმართოს.