პროფესიულ პროგრამებზე მისაღები გამოცდები დასრულდა
17 ოქტომბერი, 2013
პროფესიულ პროგრამებზე მისაღები გამოცდები დასრულდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
17 ოქტომბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული 15 000-მდე აპლიკანტის ტესტირება ჩატარდა, რომელიც დღის განმავლობაში რამდენიმე სესიად მიმდინარეობდა.

ტესტირების სპეციფიკის გათვალისწინებითა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, 16 ოქტომბერს აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ, საცდელი ტესტირება გაევლოთ.

როგორც ცნობილია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის ახალი საგამოცდო მოდელი მოამზადა, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს. ეს მოდელი პროფესიული ორიენტაციისა და სახელობო პროფესიებისათვის პერსონალის შერჩევის ძირითად მეთოდოლოგიურ პრინციპებს, საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას, ასევე, არსებული რეალობის ანალიზს ეყრდნობა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირველი ეტაპი მონაწილეთა რეგისტრაცია იყო, რომელიც 14 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით არსებულმა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებმა, 70-მა რესურსცენტმა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა 33-მა დაწესებულებამ უზრუნველყო. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა, დარეგისტრირებულიყო მისთვის სასურველი მიმართულების ერთ ან რამდენიმე პროფესიულ პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აპლიკანტის მიერ შერჩეული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

ტესტირების მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარები და შესაძლებლობები გამოავლინოს. ტესტირების შედეგების მიხედვით, ჩარიცხვის ბარიერი არ არსებობს. თუმცა, სტუდენტებს, რომლებიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, საშუალება მიეცემათ, სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლონ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც ვერ გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, განათლებას თვითდაფინანსებით მიიღებენ.

სტუდენტები გადამზადდებიან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 19 პროფესიულ და 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პროფესიული პროგრამები ხორციელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary