თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ორგანიზებით ფილმის ""ომის ნისლი" ჩვენება გაიმართა.
ეროლ მორისის დოკუმენტურ ფილმში "ომის ნისლი" განხილულია აშშ–ის თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის რობერტ მაკნამარას განვლილი ცხოვრება. ასევე ასახულია იმ ურთულესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესები, რომელსაც ის თავად ედგა სათავეში. ფილმი გადაღებულია ინტერვიუს ფორმატში და მასში 85 წლის რობერტ მაკნამარა მოგვითხრობს იმ საერთაშორისო კონფლიქტებზე, რომელიც მან გამოიარა და განიხილავს საკუთარ შეცდომებსა და მიღწევებს.
როგორც საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი გოგუაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "შეიძლება ითქვას, ფილმი არის მე-20 საუკუნის "ცივი ომის" ეპოქის ერთგვარი მიმოხილვა, რომელიც დანახულია აშშ-ის იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის რობერტ მაკნამარას ხედვით. ფილმი არის აშშ-ის, ერთი მხრივ, როგორც წარმატების, ისე მარცხის ასახვა ფართო აუდიტორიისათვის, რომლის გაცნობაც საინტერესოდ ჩავთვალეთ ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის".
"ფილმი იყო ინფორმაციული და საინტერესო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაკნამარას 10 გაკვეთილი, რაც გასათვალისწინებელია საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებული ყველა სტუდენტისთვის" - აღნიშნა თსუ-ს სტუდენტმა რუსუდან აფციაურმა.
ფილმის შემდეგ დისკუსია წარიმართა, სადაც სტუდენტებმა განიხილეს ფილმის მნიშვნელოვანი მომენტები და იმსჯელეს მაკნამარას პიროვნებასა თუ მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.