"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსთან" თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს ექსპერტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარეს თემაზე "ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტები და მიღების პროცედურები".
საქართველოში ABET-ის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა პროგრამული და სამეცნიერო/ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, თსუ-ს აკადემიური პერსონალი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები.
როგორც მარინე ჩიტაშვილმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: "ჯერ ერთი, ჩვენ გვეძლევა ახალი სასწავლო პროგრამების განვითარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და ტექნოლოგიების განვითარებას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ძლიერი ბაზის საფუძველზე. მეორეც, ჩვენ მოგვეცემა საქართველოში რეალური ხარისხის დანერგვის საშუალება, რადგან მივიღებთ ამერიკული პროფესიული საზოგადოების მიერ აკრედიტებულ პროგრამებს. ეს კი სასარგებლოა ყველასთვის - უნივერსიტეტისთვისაც და ქვეყნისთვისაც"- განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ.
"არსებული სურათის შესწავლის შედეგად განისაზღვრება დეტალური სტრატეგია, რათა სასწავლო პროგრამები მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. მსგავსი აკრედიტაცია გავლილი აქვს 3 ათასამდე პროგრამას მსოფლიოში, 600-მდე უნივერსიტეტს დაახლოებით 24 ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ სიძნელეები, შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი პროგრამები, ჩვენი სტუდენტები უფრო მაღალკონკურენტიანნი იქნებიან საერთაშორისო შრომის ბაზარზე. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი ფაქტორი გახდება" -აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
ABET Foundation-ის წარმომადგენელმა ალბერტ ჯო ტერნერმა ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "შეხვედრის მიზანი საბუნებისმეტყველო და ინჟინრული პროგრამების განვითარებისთვის თსუ-ს საჭიროებებისა და მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების და აკრედიტაციის მიცემაა. პროექტის მხარდაჭერისთვის განათლების სამინისტროს მადლობელი ვართ, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოში განათლების დონის ამაღლებისთვის".
ABET-ის ფონდის ექსპერტები ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ათი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამის შეფასებას და მათგან ხუთი პროგრამისათვის ABET აკრედიტაციის მოპოვებისათვის საჭირო დეტალური სტრატეგიის შემუშავებას. ეს უნივერსიტეტებია - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკ. წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ABET, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო, წარმოადგენს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს გამოყენებით, კომპიუტერულ, საინჟინრო, და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მეცნიერებებში. საბჭოს მიერ აკრედიტაცია მინიჭებული აქვს 3000-ზე მეტ პროგრამას 600-ზე მეტ უნივერსიტეტში.