კავკასიის უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიდერთა კლუბმა“ პრეზენტაცია ჩაატარა.
შეხვედრას „ლიდერთა კლუბის“ პრეზიდენტი ლაშა თაკალანძე უძღვებოდა.
„ჩვენი მისიაა სამოქალაქო დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ეფექტურ ლიდერთა ჩამოყალიბების გზით“ - ამბობს ლაშა თაკალანძე და დასძენს, რომ „ლიდერთა კლუბის“ პროექტია საქართველოს კულტურული გარემოს კვლევა, კულტურის ზეგავლენის შესწავლა ბიზნესსა და ეკონომიკაზე. „როდესაც არ ითვალისწინებ კულტურულ გარემოს, საზოგადოება უკმაყოფილოა“ - აღნიშნავს ლაშა თაკალანძე.
კვლევის მიზანია ქართული „კულტურული რუკის“ შექმნა. ამისთვის კი საჭიროა: კვლევისთვის საჭირო კითხვარის შედგენა, კულტურის სფეროს მკვლევარებთან თანამშრომლობა, ქართულ რეალობასთან მორგებული კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება.
ლაშა თაკალანძის თქმით, მეორე პროექტია ესეების კონკურსი. დედლაინი 31 ოქტომბერს არის, გამოვლინდება გამარჯვებული და გადაეცემა სერტიფიკატი. სტუდენტებმა უნდა დაწერონ: „როგორი ლიდერი სჭირდებათ დღეს საქართველოში?“ და „მე ვარ ლიდერი“.
„ლიდერთა კლუბში“ გასაწევრიანებლად მსურველმა უნდა შეავსოს ონლაინაპლიკაცია, რომელსაც გასაუბრება მოჰყვება, რის შემდეგაც შეირჩევა საუკეთესო კანდიდატი.
„ლიდერთა კლუბის“ მთავარი მიზანია გახდეს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია.