ახალგაზრდული სსსპ - ანუ სტუდენტები საერთაშორისო სავაჭრო პალატაში
24 ოქტომბერი, 2013
ახალგაზრდული სსსპ - ანუ სტუდენტები საერთაშორისო  სავაჭრო პალატაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (სსსპ) სასტუმრო Holiday Inn - ში ახალგაზრდული ფრთა წარადგინა.

საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტუდენტები საერთაშორისო პალატის წევრები ხდებიან.
ახალგაზრდული სსსპ-ის დაფუძნების მიზანს ქართველი ახალგაზრდებისთვის ბიზნესის კეთებისა და საჭირო უნარების ჩამოყალიბებისათვის ბიძგის მიცემა და განვითარება წარმოადგენს.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელებული საერთაშორისო პალატის მიერ საქართველოში. პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ახალგაზრდა თაობის განვითარებაში და მათ ადრეულ ასაკშივე გააცნობს თანამედროვე ბიზნესის სამყაროს. მომავალში ისინი გახდებიან ლიდერები და წარმატებული ბიზნესმენები“ - აღნიშნა საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.

სსპ-ის ახალგაზრდა წევრები მთელი წლის განმავლობაში დაესწრებიან სემინარებსა და ღონისძიებებს, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდებს ახლოს გააცნოს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და პრაქტიკული მხრიდან დაანახოს ბიზნესაქტივობები გლობალური მასშტაბით. სსპ-ის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სერტიფიცირებულ ტრენინგებშიც, რომლებიც ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა: ლიდერობა, კორპორატიული მართვა, პროექტების მენეჯმენტი, ბიზნესი და სსპ-ს წევრები და პუბლიკაციები. გარდა ამისა, სტუდენტებს სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ სსსპ-ის პარტნიორ კომპანიებში.

„პირადად ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ პროექტით ახალგაზრდებსა და საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, ისწავლოს უფრო მეტი მსოფლიო ბიზნესისა თუ საერთაშორისო ბიზნესსივრცეებთან ურთიერთობის დამყარების შესახებ. ასე რომ, ჩვენ, მონაწილე სტუდენტებს, გვეძლევა შანსი, გავეცნოთ და მივიღოთ მეტი ცოდნა და გამოცდილება ბიზნესსაქმიანობაში. ვისწავლოთ, თუ როგორ დავაარსოთ ბიზნესი საქართელოში, გავიაროთ პრაქტიკული ტრენინგები ბიზნესსფეროში. მე მჯერა, რომ თუ შენ გაქვს კარგი საკომუნიკაციო სისტემა და ხარ კრეატიული, შენ შეძლებ იყო კარგი და წარმატებული ბიზნესმენი“ - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა და სსსპ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრმა დათო გოგიამ.


თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეს ის პარტნიორი უნივერსიტეტებია, რომელთანაც საერთაშორისო სავაჭრო პალატა თანამშრომლობს. პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად სსსპ ახალგაზრდული ფრთის შექმნის ინიციატივაზე აქტიურად მუშაობს აგრარული უნივერსიტეტიც.

„არც სახელმწიფო სექტორს, არც საგანმანათლებლო სექტორს, არც სსსპ-ს ცალ-ცალკე არ შეუძლია, მიაღწიოს იმხელა წარმატებასა და შედეგებს, რასაც მათ ერთობლივი მუშაობა მოუტანს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სსსპ, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სექტორი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და ერთობლივად მუშაობს“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 26 წლამდე ასაკის, როგორც ზემოაღნიშნული, ასევე სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და ასევე მათ, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს ბიზნესთან კავშირში მყოფი ფაკულტეტი.

სსსპ-ის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ყოველწლიურად წევრობის გადასახადს 150 ლარს გადაიხდიან, ხოლო სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და მათთვის, ვისაც სწავლა უკვე დამთავრებული აქვს გადასახადი 250 ლარს შეადგენს.

ფადი ასლიმ სიტყვის დასასრულს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შავი ზღვის, თბილისის სახელმწიფო, გაუ-სა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებს, ასევე ფოთის პორტის ადმინისტრაციას მათი სტუდენტების დაფინანსებისთვის, რომლებიც სსსპ-ის ახალგაზრდულ ფრთაში არიან ჩართულნი.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary